დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.
როგორც მან განაცხადა, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მიერ კომპლექსურად გატარებული ღონისძიებების შედეგად, გარკვეული დადებითი შედეგები არის. თუმცა გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს, რომ ვინაიდან მედიცინა ცოფთან უძლურია, ცხოველის მიერ დაკბენის შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებას დაუყოვნებლივ მიმართონ.
“დაკბენილ ადამიანთა 80% მოდის ე.წ. პატრონიან ცხოველებზე, ამიტომ მივმართავ მოსახლეობას, კატა იქნება თუ ძაღლი, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ცხოველი დაგკბენთ, სამედიცინო დაწესებულებას დროულად მიმართეთ. ცოფთან „თამაში“ არ შეიძლება. ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის ისეთი დაავადება , რომლის განვითარების შემთხვევაში მედიცინა მის წინააღმდეგ უძლურია. ამიტომ, დაავადების თავიდან ასაცილებლად მიმართეთ ექიმს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ დემნა ხელაიამ განაცხადა, რომ სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით შინაური ცხოველების მასიურ ვაქცინაციას ატარებს, ძირითადად კი ძაღლების და კატების.
“მოვუწოდებ მოსახლეობას, ჩაუტარონ თავიანთ ცხოველებს ვაქცინაცია, რაც იმის გარანტიაა, რომ ცოფი ცხოველებში არ გავრცელდება. ვაქცინაცია უფასოა. მოვუწოდებ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სახლში შინაური ცხოველები ჰყავთ, უნდა მიმართონ სახელმწიფო ვეტერანულ სამსახურს და წელიწადში ერთხელ, ცხოველებს ვაქცინაცია ჩაუტარონ“, – განაცხადა დემნა ხელაიამ.