თუ თქვენი გვარის და დედის, ბებიის ან ბაბუის გვარის გაერთიანება და გაერთიანებით წარმოებული გვარის ტარება გსურთ, ახალი კანონმდებლობა ამის შესაძლებლობას გაძლევთ.
შესაბამისი ცვლილებები მთავრობის 26 სექტემბრის სხდომაზე იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით დამტკიცდა. აქამდე მხოლოდ საკუთარი და მეუღლის გვარების გაერთიანება იყო შესაძლებელი.
საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაა, რომლის მიხედვითაც, პირს უფლება უნდა ჰქონდეს, ატაროს საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის (დედა, ბებია, ბაბუა, …) გვარების გაერთიანების შედეგად წარმოებული გვარი.
2014 წლის 4 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მოქალაქე ნუგზარ ჯაყელის საქმეზე და არაკონსტიტუციურად ცნო „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მოქალაქეს საკუთარი და მეუღლის გვარების გაერთიანების შედეგად ნაწარმოები გვარის ტარების გარდა სხვა საშუალებას არ აძლევს.
ნეტგაზეთი