ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

უკრაინაში სამხედრო საწყობში ხანძარი შესაძლოა დრონით გააჩინეს

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში იური ბირიუკოვი, აცხადებს, რომ  ვინიცის ოლქში მდებარე სამხედრო საწყობში ხანძარი შესაძლოა უპილოტო საფრენი აპარატით (დრონით) გააჩინეს.

ამის შესახებ  ბირიუკოვმა Facebok-ის საკუთარ გვერდზე დაწერა და თქვა, რომ სამხედრო პროკურატურა დივერსიის ვერსიაზეც მუშაობს.

მისი განცხადებით, ჯარისკაცმა შემთხვევის ადგილზე, ხანძრის გაჩენამდე “უცნაური ხმა” გაიგონა, რამდენიმე წამში კი ღია სივრცეში აფეთქებისმაგვარი ხმები გაისმა. ბირიუკოვი ამბობს, რომ სამხედრო საწყობის პერიმეტრს კარგად იცავენ და აკონტროლებენ, აქედან გამომდინარე კი ჩნდება ეჭვი, რომ ხანძარი დრონით გააჩინეს. მისი თქმით, არსებობს არაოფიციალური ინფორმაცია ერთი დაკავებულის შესახებ, რომელიც ხანძრის შემდეგ საწყობის ტერიტორიიდან გაქცევას  ცდილობდა.

შეგახსენებთ, წუხელ უკრაინაში, ვინიცის ოლქში, ქალაქ კალინოვკაში სამხედრო საწყობში  ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ვინიცადან 50 კილომეტრში საჰაერო სივრცე დახურულია. რამდენიმე დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა.

აფეთქების ადგილზე მობილიზებულია 1000-ზე მეტი მეხანძრე. სხვადასხვა ცნობებით, კალინოვკაში, სამხედრო საწყობში 138 ათასი ტონა საბრძოლო მასა ინახებოდა.

ვინიცაში ჩავიდა უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გროისმანი. ამის შესახებ უკრაინის მთავრობის ვებგვერდი იუწყება. სოციალურ ქსელში აფეთქების ამსახველი ვიდეო გავრცელდა.

იტვირთბა....