ახალი ამბები მთავარი სამართალი

“იმედია, მეუფე დიმიტრი მალე მომინახულებს, ბევრი მაქვს მისთვის სათქმელი”: დეკანოზის წერილი ციხიდან

თოქ-შოუ „რეაქციაში“ გაგზავნილ წერილში ე.წ. ციანიდის საქმის მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე წერს, რომ მისი განაჩენის საფუძველი ორი ადამიანის ხუმრობანარევი, კერძო საუბარი გახდა.

წერილში სასულიერო პირი ასევე ახსენებს ქორეპისკოპოს იაკობს, რომელმაც მისი თქმით, მიანიშნა გარკვეული განცხადებებით, რომ ის მას ციხეშიც მისწვდება. დეკანოზი ქორეპისკოპოსს მიმართავს, რომ ამ მუქარით მას ვერ გატეხს.

ე.წ. ციანიდის საქმის მსჯავრდებული მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილსაც მიმართავს და  მოუწოდებს, რომ მალე მოინახულოს, რადგან ბევრი აქვს მისთვის სათქმელი:

„სიტყვაშია პატივი და უპატიობაც. ენაა კაცის დამმხობი. სწორედ ესაა ჩემი დანაშაული. ორი ადამიანის ხუმრობანარევი კერძო საუბარი გახდა ბრალდების და განაჩენის საფუძველი. მხოლოდ ეს, ვინაიდან სხვა მტკიცებულება არც მათ ჰქონდათ და რასაკვირველია, არც ბუნებაში არსებობდა. თუმცა, აქ ჩემი განაჩენი მეორეხარისხოვანია. საუბედუროდ, ამ შტურმის სამიზნე საქართველოს ეკლესიაა. ციხე ხომ შიგნიდან ტყდება და როგორც აღმოჩნდა, ეკლესიის მტრებს საპატრიარქოშივე აღმოაჩნდათ თანამზრახველები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ნაცარივით გაიფანტება მთელი მათი ძალისხმევა და საბოლოოდ ქრისტეს ეკლესიას ერთ მისხალ ზიანსაც ვერ მიაყენებენ.

არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ქორესპისკოპოს იაკობის განცხადებას, სადაც ის მიანიშნებს, რომ ციხეშიც მომწვდება. ეჰ, ეპისკოპოსო იაკობ, ნუთუ ფიქრობ, რომ ჩემს შეშინებას შეძლებთ. თქვენ უკვე გააკეთეთ რაც შეგეძლოთ, გატეხვით კი ვერასოდეს გამტეხთ, იცით რატომ, იმიტომ, რომ ღმერთის მწამს თქვენგან განსხვავებით, იმიტომ, რომ მაცხოვარს ვგრძნობ მუდმივად ჩემს გვერდით, თქვენგან განსხვავებით. იმიტომ, რომ ამ ჩაბნელებულ და ჩარაზულ ოთხ კედელშიც კი უფრო მხნედ და თავისუფლად ვგრძნობ თავს, ვიდრე თქვენ თქვენს მდიდრულ მანქანასა და აპარტამენტში.

ჩემს ძმებს, სასულიერო პირებს მინდა მივმართო პეტრე მოციქულის სიტყვებით. ქრისტეს სისხლით ხართ ნაყიდნი, ნუ გახდებით ადამიანთა მონები. ჩემო ძმებო, ნუ ჩაეფლობით კონფორმიზმის მორევში, ნუ დახუჭავთ თვალს, როდესაც სიმართლეს ფეხქვეშ თელავენ უსამართლო ადამიანები, თუნდაც ისინი თქვენი მამამთავრები იყვნენ. თქვენზე მეტად განა ვის ესმის, რომ სიმართლეა თანამავალი ჩვენი საუკუნო სასუფევლის გზაზე.

მეუფე დიმიტრი, რომელიც ჩემი აღმზრდელი მამაა, იმედი მაქვს მალე მომინახულებს, ბევრი მაქვს მისთვის სათქმელი.

და ბოლოს, საზოგადოებას მივმართავ, ნუ შედრკებით რწმენაში, ეს ყველაფერი კანონზომიერია. თითოეულ ჩვენგანს ჩვენი მისია გვაკისრია. არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, ვინც უსამართოდ გაანადგურეს. ზვარაკად შესწირვია ჩემი გული და სიცოცხლე ჩემს დედა ეკლესიას. სადაც დავიუჯებ, იქ იქნება ჩემი გული“- ამბობს წერილში დეკანოზი გიორგი მამალაძე.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 5 სექტემბერს მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მსჯავრდებული დანაშაულს არ აღიარებს.

იტვირთბა....