ახალი ამბები მთავარი სამართალი

ოხანაშვილის თქმით, ანზორ ჩუბინიძემ მას დეკანოზის დაკავებამდე უთხრა, რომ სასულიერო პირს ციანიდი აღმოუჩინეს

პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი სასამართლოს წინაშე მიცემულ ჩვენებაში ამბობს, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ სანამ დეკანოზ გიორგი მამალაძეს დააკავებდნენ, მანამდე უთხრა, რომ მას ციანიდი აღმოუჩინეს. ოხანაშვილის ჩვენება თოქ-შოუ “რეაქციამ” გაასაჯაროვა.

ჩხრეკის ოქმების მიხედვით, იმ დროისთვის, როცა ანზორ ჩუბინიძემ სოსო ოხანაშვილს დეკანოზ მამალაძის დაკავების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, დაკავებული დეკანოზის ჩრხეკა ჯერ ჩატარებული არ იყო.

“10 თებერვალი თენდებოდა, დაახლოებით 9 საათი იყო დაწყებული, იმიტომ რომ როცა ანზორი შემოვიდა ოთახში ჩუბინიძე მითხრა, რომ სალაპარაკო ჰქონდა და გარეთ გავსულიყავი. საათს დავხედე, სადღაც 9-ის წუთები იყო. მე გავედი გარეთ, მოვწესრიგდები და გამოვალ მეთქი. გავედი გარეთ და დავინახე მასთან ერთად 5 დაცვის თანამშრომელი, ყველას ვიცნობდი, ერთ-ერთი იყო პრემიერმინისტრის დაცვის უფროსი ჯაბა გამჯაშვილი. ესენი ისე იდგნენ და განაწილებულები ისე იყვნენ, რომ მე წარმოვიდგინე აყვანის ოპერაციას ატარებდნენ. გერმანელი ექიმი მოვიდა და თქვა – ვინმეს იჭერთ? ხომ გთხოვეთ, რომ აქ არავინ იყოსო?

მე ვუთხარი დიდი ბოდიში მივხედავ ყველაფერს. შემდეგ დავსხედით იქვე მაგიდაზე, ჩემს წინ იჯდა სოსო ელიზბარაშვილი, დიაგონალზე ანზორ ჩუბინიძე და ჩემ მარჯვნივ ჯაბა გამჯაშვილი.

ანზორი მეუბნება ესე იწყებს, რა ხდება ანზო მშვიდობაა, მე ვიფიქრე პრემიერი ჩამოდის და წინასწარ იყვნენ ჩამოსულები.

– საშინებელა მოხდა. მღვდელი დავაკავეთ აეროპორტში.

– მეთქი ვინ მღვდელი დააკავეთ? სახელი? გვარი?

– გვარს ვერ ვიხსენებ, მაგას გავიგებთ არ არის პრობლემაო.

– სოსო მეთქი აქ ბევრნი მოდიოდნენ, მამა გიორგი მოდიოდა, მამა რევაზი მოდიოდა, მეუფე ანდრია უნდა ჩამოსულიყო მეთქი. სოსო ელიზბარაშვილმა თქვა მამა გიორგი მამალაძეც მოდიოდაო. პირველი ეგ მოდის, შემდეგ ისინი შემდეგ რეისებზეო.

– ხო, ხო ეგო ანზორმა.

– ვკითხე, რა მოხდა მეთქი?

– რაღაცა აღმოვუჩინეთო

– ნარკოტიკი ჰქონდა მეთქი?

– არა, უფრო ცუდიო

– იარაღი მეთქი?

– არა უფრო ცუდიო

– აბა, მეთქი შე დალოცვილო თვითმფრინავი გაიტაცა, თქვი რა ჰქონდა ბოლო-ბოლო.

– შხამი ვუპოვეთო

– რა შხამი მეთქი?

– ციანიდიო

– გაუგებრობაა მეთქი და ძალიან ძნელი მოსასმენია”- ამბობს სოსო ოხანაშვილი სასამართლოს წინაშე მიცემულ ჩვენებაში.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 5 სექტემბერს მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მსჯავრდებული დანაშაულს არ აღიარებს.

იტვირთბა....