ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „მეტრონომთან“ ახალ კონსტიტუციას აფასებს. მისი თქმით, კონსტიტუციასთან მიმართებაში სცოდავს როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია. ანალიტიკოსის თქმით, იმის მტკიცება, რომ კონსტიტუცია ხალხის მოთხოვნით იყო მიღებული, სინამდვილეს არ შეესაბამება. ანჯაფარიძის განცახდებით, თუ ხელისუფლებას ამ საკითხზე მოსახლეობის აზრი აინტერესებდა, მაშინ მას პლებისციტი, ან რეფერენდუმი უნდა ჩაეტარებინა.
ხელისუფლება ვიდრე გადაწყვეტდა, რომ ქვეყანა საპარლამენტო მმართველობაზე გადაეყვანა, მანამდე მას მოსახლეობისთვის აზრი უნდა ეკითხა. ხოლო თუ უმრავლესობა იტყოდა, რომ მას საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლა სურდა, მხოლოდ მაშინ უნდა მიეღო გადაწყვეტილება.
„კულუარებში შეკრებილმა პოლიტიკოსებმა ერთმანეთში მოითათბირეს და გადაწყვიტეს, რომ ქვეყანა საპარლამენტო მმართველობაზე გადაეყვანათ. ხალხს კი ამის თაობაზე არავინ არაფერი ჰკითხა. რაც შეეხება ოპოზიციას, აქაც ძალიან ჭრელი წარმომადგენლობა გვყავს. სასაცილოა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კონსტიტუციის საკუთარ მორგებაზე ბრალდებებს ვისმენთ.
ყველას გვახსოვს მათი ხელისუფლების დროს, როგორი კონსტიტუცია გვქონდა. ყოველ შემთხვევაში ეს კონსტიტუცია, წინასგან განსხვავებით, უფრო დემოკრატიულ სიტუაციაშია მიღებული. რა თქმა უნდა, გარკვეული კითხვები და პრეტენზიები არსებობს, მაგრამ წინასთან შედარებაც არ შეიძლება.
მთავარი ის არის, არ ვიცით ეს კონსტიტუცია სინამდვილეში ხალხის დაკვეთაა თუ არა. ჩემი აზრით, საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლა ჯერ ადრე იყო. ამ მოსაზრებას ბევრი კონსტიტუციონალისტი და ექსპერტიც იზიარებს.
ამის მიზეზი ის არის, რომ ქვეყანაში პარტიული სისტემა გაუმართავია, პოლიტიკური პარტიები სუსტია, ასეთ შემთხვევაში საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლა დიდ რისკს შეიცავს. არის დიდი ალბათობა, რომ ქვეყანაში ძალაუფლების კონცენტრაცია ერთი პარტიის ხელში მოხვდეს, რაც პრინციპში ხდება კიდეც“, – ამბობს ანჯაფარიძე „მეტრონომთან“.
მისი თქმით, წინასწარ დასკვნების გამოტანა რთულია. ჯერ უნდა ვნახოთ პრაქტიკაში მიღებული ახალი კონსტიტუცია როგორ იმუშავებს. ანჯაფარიძის განცხადებით, მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება საუბარი კონსტიტუციით, ვინ ისარგებლებს – ხალხი თუ ხელისუფლება. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ კონსტიტუციის დადებითი ან უარყოფითი შედეგები მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გვეცოდინება. ამ პერიოდის განმავლობაში ზუსტად გაირკვევა, რომელმა მუხლმა იმოქმედა და რომელმა – არა.
შეგახსენებთ, 117 მომხრე, 2 წინააღმდეგი – ამ მონაცემებით პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს მადლობა გადაუხადა.
საკონსტიტუციო რეფორმის განხილვა დაპირისპირების ფონზე მიდიოდა. “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ევროპულმა საქართველომ” სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
პარლამენტი რიგგარეშე სხდომის ფორმატში, მესამე მოსმენით კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს იხილავდა.