ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

საბავშვო ბაღების ფანჯრებზე დამცავი კონსტრუქციების დამონტაჟება იგეგმება

„ისეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომ არ დავარღვიოთ სახანძრო უსაფრთხოების, ასევე ოთახების განათებისა სტანდარტები, და ამავდროულად გავაძლიეროთ ბავშვების უსაფრთხოება,”- ამის შესახებ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პეტიციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის ავტორებიც საბავშვო ბაღების ფანჯრებსა და აივნებზე გისოსების გაკეთებას მოითხოვენ.

სააგენტოს ხელმძღვანელმა “პირველ არხს” განუცხადა, ბაღების ფანჯრებზე გისოსების დამონტაჟება აკრძალულია სახანძრო უსაფრთხოებიდან გამომდინარე – კერძოდ, სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის №370 დადგენილებით.

თუმცა, თორდინავა ამბობს, რომ დადგენილებაში საუბარია ყრუ გისოსების გამოყენების დაუშვებლობაზე. პირველი არხის შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა ბაღების შენობების ფანჯრებზე „მოძრავი“ ანუ გასაღები გისოსების დამონტაჟება, თემურ თორდინავა აცხადებს, რომ ამ საკითხის განხილვა დაწყებულია, მიმდინარეობს მსჯელობა 2-3 ვარიანტზე. თუმცა კონკრეტულად რა სახის კონსტრუქციები შეიძლება დამონტაჟეს ბაღების ფანჯრებზე, სააგენტოს ხელმძღვანელს არ დაუკონკრეტებია. თემურ თორდინავას თქმით, ეს 2-3 დღეში გახდება ცნობილი და თბილისში მოქმედი ყველა ბაღისთვის იქნება სავალდებულო.

„ისეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომ არ დავარღვიოთ სახანძრო უსაფრთხოების, ასევე ოთახების განათებისა სტანდარტები და ამავდროულად გავაძლიეროთ ბავშვების უსაფრთხოება,”- აღნიშნა თორდინავამ.

რაც შეეხება ვიდეოკამერებს, მისი განმარტებით, თბილისის ბაღების 97%-ში კამერები დამონტაჟებულია, დანარჩენ ნაწილში კი კამერებით აღჭურვის პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. კამერები ბაღების გარე პერიმეტრის გარდა, დერეფნებსა და ოთახებში დამონტაჟდება.

შეგახსენებთ, გუშინ 206-ე საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა. მისი მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა.  მომხდარის გამო დირექტორი და ორი აღმზრდელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ გაჩნდა სოციალურ ქსელებში პეტიცია, რომლის ავტორებიც მოითხოვენ, საბავშვო ბაგა-ბაღებში, ბავშვების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ფანჯრებსა და აივნებს გაუკეთდეს დამცავი გისოსები.

იტვირთბა....