ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აფასებს, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის დანიშვნაზე უარი განაცხადა.
ხუხაშვილის აზრით, პრეზიდენტი უმრავლესობას იმ საჩუქარს ნამდვილად არ გაუკეთებდა, რომ მას კონსტიტუცია დაერღვია. მისი თქმით, ეს გადაწყვეტიელბა მარგველაშვილმა კანონის ფარგლებში მიიღო. ანალიტიკოსის აზრით, ეს იყო პოლიტიკური ნაბიჯი, რადგანაც პარლამენტს თავად აქვს მექანიზმი, რომ პრეზიდენტის უარის თქმის შემდეგ, თავად გადაწყვიტოს რიგგარეშე სესია დანიშნოს თუ არა. ხუხაშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა ამ ქმედებით კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით პოლიტიკური დამოკიდებულება გამოხატა.
“მარგველაშვილმა საპარლამენტო რიგგარეშე სესიის არ დანიშვნით, ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიუთითა, რომ ასე მოქმედება დაუშვებელია. ფაქტობრივად დღეს ხელისუფლება სრულიად იზოლირებულია და მას არ ჰყავს პარტნიორი, არა მხოოდ პოლიტიკურ ოპოზიციაში, არამედ მესამე სექტორშიც. სამოქალაქო საზოგადოება ზუსტად პრეზიდენტის მსგავსად ფიქრობს და შესაბამისად მარგველაშვილმა ამ ქმედებით საზოგადოების პოზიცია დაიკავა.
“ქართული ოცნება” კი ამბობს, რომ ვენეციის კომისიას ჩვენი ხელისუფლება შეუყვარდაო, მაგრამ სინამდვილეში ხომ სიტუაცია სრულიად სხვაგვარია. “ოცნებამ” უარი თქვა იმ ფუნდამეტურ საკითხზე, როგორიც არჩევნების სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობდა. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა თავისი პოლიტიკური დამოკიდებულება ამ სახით გამოხატა, აბა შიმშილობას ხომ არ დაიწყებდა?!”,-ამბობს ხუხაშვილი “მეტრონომთან”.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღების მიზნით, პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით გუშინ მიმართა, თუმცა პრეზიდენტმა უარით უპასუხა.
პარლამენტს რიგგარეშე სხდომის ჩატარება 26 სექტემბრისთვის სურს.