,,სამარცხვინოა თეა წულუკიანის საქციელი და ნიანგის ცრემლებლების ღვრა გვანცა ყუფარაძის მიმართ სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე. უპირველესად, თუ თეა წულუკიანი გულწფელია, მას შეეძლო მეგობრული მორიგება შეეთავაზებინა ყუფარაძისთვის და ეღიარებინა საქართველოს მთავრობას, რომ გვანცა ყუფარიძის მიმართ დაირღვა ევროპული კონვეციის 6-ე მუხლი, ანუ სამართლიანი სასამართლოს უფლება, რის შემდგომაც მოხდებოდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა.
ასევე, სახელმწიფოს შეეძლო და ეხლაც შეუძლია, პროკურატურის მეშვეობით მიმართოს საქმის გადასინჯვის თაობაზე. რა საჭიროა წულუკიანის მხრიდან ასეთი ფარისევლობა, ვერ ვიგებ. ნინო წოწორია, რომ მატყუარა და ცუდ ქმედებებს ჩადის ევროპულ სასამართლოში და დროულად არის მოსაშორებელი, ეს სხვა საკითხია და ამაზე სხვა დროს ვისაუბრებ” – აცხადებს ადვოკატი მამუკა ნოზაძე.
შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლომ 1992 წელს დაბადებული გვანცა ყუფარაძის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 21 სექტემბერს გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ სტრასბურგის სასამართლომ გვანცა ყუფარაძის საქმეზე დარღვევა ვერ აღმოაჩინა. (ნახეთ დაწვრილებით ვიდეო)
2006 წლის ნოემბერში ყუფარაძე ერთ-ერთი თანაკლასელის მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს. ის ამტკიცებდა, რომ მსხვერპლი ორმა ახალგაზრდა კაცმა დაჭრა, რომლებიც სკოლის ეზოში შევიდნენ და მის თანაკლასელს დაესხნენ თავს. თუმცა თავად მსხვერპლის განცხადებით, მას სწორედ ყუფარაძე დაესხა თავს.
2007 წლის ივნისში პირველი ინსტანციის სასამართლომ ყუფარაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან – ნახევარი პირობითი მსჯავრი. გადაწყვეტილება მოგვიანებით ძალაში დატოვეს სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლზე (არადაამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა) დაყრდნობით, ყუფარაძემ გაასაჩივრა, რომ სასჯელს იხდიდა ზრდასრულთა ციხეში და არა არასრულწლოვანთა საპატიმრო დაწესებულებაში. მისი სასჯელი არ გადაავადეს მსგავსი დაწესებულების მშენებლობის დასრულებამდე. ის ასევე ასაჩივრებდა პატიმრობის პირობებს. გარდა ამისა, ყუფარაძე აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურა უსამართლოდ ჩატარდა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვერცერთი ზემოთ ჩამოთვლილი მუხლის დარღვევა ვერ დაადგინა.
გვანცა ყუფარაძის საქმეს ეროვნულ სასამართლოში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ალანია განიხილავდა, რომელიც მოგვიანებით სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა.
იუსტიციის მინისტრის – თეა წულუკიანის განცხადებით კი, გვანცა ყუფარაძე ამჟამად იუსტიციის სამინისტროში მუშაობს და მას მომავალში მოსამართლეობა სურს.
სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკვირვებულია.
იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გვანცა ყუფარაძის საქმე არასათანადოდ განიხილა. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლომ მთავრობა გაამართლა, რაც მასში არც მორალურ და არც პროფესიულ სიხარულს არ იწვევს.