ახალი ამბები მთავარი სამართალი

სარფის საბაჟოზე დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

სარფის საბაჟოზე დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ საქართვეელოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს.

საუბარია აჭარის ტელევიზიის გადამღები ჯგუფის მიმართ თურქი მებაჟეების მხრიდან შესაძლო ფიზიკურ ძალადობაზე. აჭარის ტელევიზიის გადამღები ჯგუფი – ჟურნალისტი ჯენი კვანტალიანი და ოპერატორი ანდრო ქაჩიბაია პოლიციის გონიოს განყოფილებაში გადაიყვანეს. საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცველები მათ დაკითხავენ. დაგეგმილია ასევე ექსპერტიზაც.

აჭარის ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს სარფში თურქეთის გენერალური კონსული იასინ თემისქანიც შეხვდა, რომელმაც განაცხადა, რომ ფაქტის შესწავლა თურქმა სამართალდამცველებმაც დაიწყეს.

შეგახსენებთ, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის განცხადებით, მას საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე თურქმა მებაჟეებმა გადასვლის საშუალება არ მისცეს, წაართვეს პასპორტი და ტელეფონი, ასევე, ჟურნალისტზე და ოპერატორზე ფიზიკურად იძალადეს. გადამღები ჯგუფი სარფის საბაჟოზე არსებული რიგისა და უკმაყოფილო მგზავრების შესახებ მასალის მომზადებას ცდილობდნენ.

იტვირთბა....