ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბაღში, რომლის მეორე სართულიდანაც ბავშვი გადმოვარდა, კრიმინალისტები მუშაობენ

ზემო ფონიჭალაში, თბილისი 206-ე ბაგა-ბაღში, სადაც დღეს 3 წლის ბავშვი მეორე სართულიდან გადმოვარდა, ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშობენ. კრიმინალისტები   თანამშრომლებს კითხავენ და შემთხვევის ადგილს ათვალიერებენ.  როგორც  თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი თემურ თორდინავა აცხადებს, არ არის გამორიცხული, რომ იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რომელსაც ბავშის მეთვალყურეობა ევალებოდა.

ამ დროისთვის მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზების დასადგენად მოკვლევა. თორდინავას განცხადებით, მონიტორინგის წარმომადგენლები უკვე ბაღში იმყოფებიან. თორდინავას თქმით, სავარაუდოდ ბავშვი აღმზრდელს გაეპარა და მეორე სართულიდან გადმოხტა.

ზემო ფონიჭალაში, 206-ე ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის საქმეზე გამოძიება შსს-მ 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ორ წლამდე ვადით ანდა ორ თვემდე პატიმრობით.

შეგახსენებთ, დღეს, ზემო ფონიჭალაში ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა. ბავშვი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა კონტაქტურია.

თბილისის მერია დღეს ზემო ფონიჭალაში, 206-ე საბავშვო ბაღში მომხდარ ფაქტს ეხმაურება. თბილისის მერი ავალებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, გამოძიების დასრულებამდე, შეუჩეროს უფლებამოსილება ბაგა-ბაღის დირექტორსა და იმ აღმზრდელებს, რომლებიც ამ კონკრეტული შემთხვევისას უშუალოდ ახორციელებდნენ ზედამხედველობას სასწავლო პროცესზე.

ფოტო: “იმედინიუსი”

იტვირთბა....