წაღვერში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებისას მოჭრილი ხეები იპოვეს. სხვა ვერსიებთან ერთად, გამოძიება სავარაუდო ბრაკონიერობის შემთხვევასა და მის ხანძართან შესაძლო კავშირსაც არ გამორიცხავს.
ექსპერტ-კრიმინალისტებმა ტყეში მუშობა გუშინ დაიწყეს. შსს მინისტრის განმარტებით, ცეცხლის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით ამ დროისთვის კონკრეტული ვერსია არ აქვთ.
ხანძრის ლოკალიზებას კი ამ დრომდე ცდილობენ, – ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესცენტრში “მეტრონომს” განუცხადეს.
როგორც სააგენტოში “მეტრონომს” უთხრეს, ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში ჩართულია 4 ვერტმფრენი. აქედან ერთი ქართული მხარის, ორი თურქული და ერთიც აზერბაიჯანული ვერტმფრენია.
როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნიკა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მთელი ღამის განმავლობაში ეპიცენტრში 550 მეხანძრე და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები მუშაობდნენ.
შეგახსენებთ, წაღვერში ხანძარი მეორედ გაჩნდა.