ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქობულეთში, მეწყრული პროცესების გამო, ექვსი ოჯახი საკუთარი სახლებიდან ევაკუირებულია

ქობულეთში გვიან ღამით მოსული ძლიერი წვიმის შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, ექვსი ოჯახი საკუთარი საცხოვრებლებიდან ევაკუირებულია.

ეროზიულმა პროცესმა პრობლემა 11 ოჯახს შეუქმნა. მიწის მასა რამდენიმე საცხოვრებელ სახლში შევიდა.

მეწყერში მოყვა ერთი მსუბუქი ავტომანქანაც, საიდანაც მაშველებმა ორი მცირეწლოვანი ბავშვი გამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციათა შტაბში სულ 60-მდე გამოძახება დაფიქსირდა, რომლებზეც შემთხვევის ადგილებზე გასულმა სამაშველო ბრიგადებმა მოახდინეს რეაგირება.

სტიქიის შედეგად, დაზიანდა შიდა და ცენტრალური სასოფლო გზები სოფელ ქობულეთში, ზედა სამებაში, წყავროკაში, ზენითსა და კონდიდში. ამ დრომდე 1500-ზე მეტ აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

უკვე შეიქმნა სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი. მიმდინარეობს მონაცემთა ბაზის შეგროვება-დამუშავება.

სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები დილიდან განახლდა. დღის განმავლობაში ჩახერგილი გზების გასაწმენდად შვიდი ერთეული მძიმე ტექნიკა იმუშავებს, ასევე მიმდინარეობს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა.

 

იტვირთბა....