“შეიძლება ითქვას, რომ დაბა წაღვერში ხანძარი ლოკალიზებულია. ახალი კერები არ გვაქვს,”- ამის შესახებ დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განაცხადა. ის სტიქიის ზონაში იმყოფება, სადაც დეტალურად დაათვალიერა ხანძრის კერები.
ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერში ხანძრის ლიკვიდაციაში დილიდან სამი ვერტმფრენ ჩაერთო. აქედან ორი ქართული, ერთი კი აზერბაიჯანული. კიდევ ერთი ვერტმფრენს თურქეთიდან ბორჯომის ხეობაში დღეს ჩაფრინდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, წაღვერში დაკვამლიანება ამ დრომდეა, თუმცა ხანძრის ახალი კერები არ გაჩენილა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 250-მდე მეხანძრე-მაშველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300-მდე თანამშრომელი და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები, ცეცხლის ქრობის ინტენსიურ სამუშაოებს ახორციელებენ.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ასევე, ჩართულია 20-მდე მაღალი გამავლობის მძიმე ტექნიკა, 18 ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის და კომპანია „თუშეთის“ ვერტმფრენები.
წაღვერში, შუაგულ ტყეში წიწვოვან ნარგავებს ცეცხლი 22 სექტემბერს დღის მეორე ნახევარში გაუჩნდა. კერა ახალ ტერიტორიაზეა და არა იქ, სადაც აგვისტოს თვეში ხანძარს თითქმის ერთი კვირა ებრძოდნენ.
წყარო: “იმედინიუსი”