ახალი ამბები მთავარი სამართალი

სამართალდამცველებმა უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ბარლდებით ოთხი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ ქალაქ ფოთში გამოავლინეს პირთა ჯგუფი, რომელიც უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის – სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციას ახორციელებდა.

გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ფაქტზე დაკავებულია ოთხი პირი, რომლებიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენდნენ. აღნიშნული ქმედებით, ბრალდებულები მნიშვნელოვან ზიანს აყენებდნენ როგორც სახელმწიფო ბიუჯეტს – მიუღებელი გადასახადების სახით, ასევე ბიზნესსექტორს, კერძოდ, აღნიშნული ბიზნესით დაკავებულ მეწარმე სუბიექტებს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია უცხოური წარმოების 160 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 416 000 ლარს შეადგენს. აღნიშნული რაოდენობის სიგარეტის ოფიციალურ სამოქალაქო ბრუნვაში მოქცევის შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტი 270 000 ლარზე მეტი თანხით შეივსებოდა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 8 წლამდე.

 

 

იტვირთბა....