ახალი ამბები მთავარი სამართალი

დეკანოზი: ირაკლი მამალაძემ ციანიდის შეძენა რეალურ ფასზე ძვირად შემომთავაზა

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი, გიორგი მამალაძე პროკურატურის მთავარ მოწმეს, ირაკლი მამალაძეს ტყუილში ადანაშაულებს. ამის შესახებ ის სასამართლოს წინაშე საბოლოო სიტყვით წარდგენისას ამბობს, რომლის აუდიოჩანაწერის გარკვეული ნაწილიც “კურიერმა” გაასაჯაროვა.

დეკანოზის თქმით, ირაკლი მამალაძემ მას ციანიდის შეძენა რეალურ ფასზე უფრო ძვირად შესთავაზა. თუმცა, როგორც გიორგი მამალაძემ აღნიშნა, ის არ დასთანხმდა მის წინადადებას.

„ირაკლი მამალაძემ, როგორც კი გაიგო, რომ უკრაინაში ვერ ვიშოვე ნივთიერება, მან გადაწყვიტა, მისი დახმარების შემოთავაზებით მატერიალური სარგებლის მიღება და ნივთიერება, რომლის შოვნა 1500-დან 2500 ამერიკულ დოლარამდე ღირს, მან გრამის შეძენა 2000-დან 3000 დოლარის ფარგლებში შემომთავაზა, რომ აღარაფერი ვთქვა მანამდე შემოთავაზებულ 10, 7 და 5 ათას დოლარზე,“ – აცხადებს გიორგი მამალაძე.

დეკანოზი ჩანაწერში იმასაც ამბობს, რომ ირაკლი მამალაძემ ციანიდის შეთავაზების შემდეგ მატერიალური სარგებლის მიღება ვერ მოახერხა და ახალი გეგმა დასახა, რომელიც დეკანოზის სახლში იარაღის შენახვას უკავშირდება.

„იარაღის ნაწილში ირაკლი მამალაძე ტყუის, რომელსაც პროკურატურა ასე ურცხვად აფარებს ხელს. პროკურატურამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი არაპროფესიონალიზმი ელემენტარული საქმის წარმოებისას. ბრალდება ტენდენციურია ყველა მიმართულებაში, მათ შორის, იარაღის ნაწილზე, რაც იმით ვლინდება, რომ მათ არ გადაამოწმეს მამალაძის შემხებლობა იარაღთან შესაბამისი ექსპერტიზებით,“ – განაცხადა დეკანოზმა.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის დააკავეს. მას 5 სექტემბერს, პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისთვის და იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვისთვის 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

იტვირთბა....