არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სპორტი

რატომ არ ახსენა ჩამონათვალში კობიაშვილმა არველაძეები: ვინ იქნება სიაში საქველმოქმედო მატჩზე ქართველთა მხრიდან

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები საქართველოში 29 სექტებერს ითამაშებენ. ეს იქნება საქველომოქმედო მატჩი და გაყიდული ბილეთებიდან შემოტანილი თანხა,  ბორჯომის ტყის დამწვარი ტერიტორიის აღდგენას მოხმარდება.

ფრანჩესკო ტოტი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, დემეტრიო ალბერტინი, დინო, ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოტტო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, – ეს არასრული ჩამონთვალია იმ ფეხბურთელების, რომლებიც „დინამო არენაზე“ გასამართ საქველმოქმედო მატჩში მიიღებენ მონაწილეობას.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი აცახდებს, რომ უცხოელ ფეხბურთელებთან ერთად ქართველი ვარსკვლავებიც ითამაშებენ. მან გადაცემა “რეაქციაში” ჩამოთვალა სახელები და გვარები, თუმცა ამ ჩამონათვალში მას არჩილ და შოთა არველაძეები არ უხსენებია. კობიაშვილის თქმით,  საქველმოქმედო მატჩში “მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“ კახა კალაძეც ითამაშებს. ცნობილია, რომ შეხვედრაში მონაწილეობას  მიიღებენ ლევან კობიაშვილი, გიორგი ქინქლაძე, ალექსანდრე იაშვილი და სხვები. თუმცა ეს სხვები ვინ არიან ამ ეტაპზე უცნობია.

“მეტრონომი” ფეხბურთის ფედერაციაში შეეცადა გაერკვია ამ საქველმოქმედო მატჩში ითამაშებენ თუ არა ძმები არველაძეები, რომლებიც არანაკლები ვარსკვლავები არიან, ვიდრე კობიაშვილის მიერ დასახელებული ქართველი ფეხბურთელები… და კიდევ,  მიმდინარეობს თუ არა მათთან მოლაპარაკებები?

ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ოთო გიორგაძემ “მეტრონომს” უთხრა, რომ კობიაშვილის მიერ დასახელებული სია არასრულია და როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ფეხბურთელებთან მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს.

“ზუსტი სია ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ალბათ უფრო ორშაბათისთვის გვეცოდინება ყველა ფეხბურთელის ვინაობა, ვინც ამ საქველმოქმედო მატჩში  მონაწილეობას მიიღებს. თქვენ კითხვაზე იქნებიან თუ არა ძმები არველაძეები დაპატიჟებულები, ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ. ვერც იმას გეტყვით, ამ ეტაპზე მათთან მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკება. ყველა ფეხბურთელთან უშუალოდ ლევან კობიაშვილი კონტაქტობს. არ არის გამორიცხული, რომ არველაძეებმაც მიიღონ მონაწილეობა თუკი თანახმა იქნებიან”, – განუცხადა “მეტრონომს” გიორგაძემ.

შეგახსენებთ, 2015 წლის 5 ოქტომბერს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში ლევან კობიაშვილმა რეზი არველაძე დაამარცხა. მან დელეგატების 18 ხმა აიღო, არველაძემ კი 15.  თუმცა ამ არჩევნებს წინ დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები უძღოდა. არჩევნების წინა დღეს, ნარკოტიკების მომხმარების ბრალდებით დააკავეს რევაზ არველაძის მხარდამჭერი ერთ-ერთი დელეგატი, რის გამოც არველაძემ და მისმა მხარადმჭერებმა მის გათავისუფლებამდე ფედერაციის ყრილობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

დელეგატი სასამართლომ ჯარიმის სანაცვლოდ გაათავსიუფლა, თუმცა მას მონაწილეობა კენჭისყრაში არ მიუღია, ის სხვა დელეგატით ჩაანაცვლეს. შესაბამისად, რეზი არველაძემ საპრეზიდენტო არჩევნებს პოლიტიზირებული უწოდა და განაცხადა, რომ “ყველაფერი ერთად იყო ჩემს წინააღმდეგ, არა უშავს გავუძლებ და მე ისევ ისე ამაყად ვივლი ამ ქვეყანაში და ამ ქალაქში. ვერ ვიფიქრებდი, თუ ოდესმე ასეთი ჯოჯოხეთის გავლა მომიწევდა”, – განაცხადა არველაძემ დამარცხების შემდეგ.

ერთი ფაქტია, რომ თუკი ძველი დაპირისპირების გამო არველაძეებმა მონაწილეობა არ მიიღეს აღნიშნულ მატჩში, საქველმოქმედო მატჩად წოდებული ღონისძიების მიმართ ისედაც არსებობს ეჭვები, მისი პოლიტიზირების შესახებ და ეს ფაქტი ამ ეჭვს კიდევ უფრო გაამყარებს.

 

იტვირთბა....