ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა გადაცემა ”360 გრადუსში” კონსტიტუციის ცვლილებასთან დაკავშირებით ბოლო დროს განვითარებულ პროცესებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა მახინჯი სახით ჩამოყალიბდა და ამ სისტემის 2024 წლამდე შენარჩუნებით, მმართველ ძალას ძალაუფლების გახანგრძლივების მიზანი ამოძრავებს.
“ეს არის დიდი ტყუილის ისტორია, თავისი დადგმული სპექტაკლებით” – ასე აფასებს ხუხაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს.
“ეს ხელისუფლება აბსოლუტურად მოერგო სააკაშვილის სისტემას. განსხვავება იმაშია, რომ თუკი მიშა იმ მახინჯ, გარყვნილ სისტემას იყენებდა, რომელიც მან თავის დროზე შექმნა, დღევანდელი ხელისუფლება საერთოდ ცოლად გაჰყვა ამ სისტემას. კოლექტიური მურუსიძე, რომელიც მომსახურე იყო, ახლა პარტნიორად დაიყენეს. კახა ოქრიაშვილი, რომელიც ყველაფერს უპრავებდა მიშა სააკაშვილს, ყველა სიბინძურეზე ხელს აწერდა, სწორედ ეს ოქრიაშვილი ბობოქრობს ახლა და იძახის: – როგორ, მაჟორიტარებს ძალაუფლების ჩვენი წილი გვინდა! ოქრიაშვილი მაჟორიტარების კრებსითი სახეა, რომლებიც მიშა რომ იტყოდა, ყურებზე დადიოდნენ. დღეს, დღის წესრიგს ეს ხალხი აყალიბებს”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.