ე.წ. ციანიდის საქმის პროკურატურის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე აცხადებს, რომ სასამართლო პროცესები მესამე პირის გამო დაიხურა და არა იმ ფოტოების გამო, რომელზეც სასამართლოს წინაშე დეკანოზი გიორგი მამალაძე საუბრობს.
დეკანოზის მიერ სასამართლოს წინაშე საბოლოო სიტყვის აუდიოჩანაწერი ტელეკომპანია “პირველმა” გაასაჯაროვა. სწორედ ამ აუდიოჩანაწერის შინაარსზე საუბრობს ირაკლი მამალაძე და ამბობს, რომ ის ნაწყვეტები, რომლებიც გასაჯაროვდა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება:
“ექვსმა ადვოკატმა და სახალხო დამცველმა თუ ის ვერ მოახერხა, რომ ორი პენუარის გამო არ დახურულიყო სასამართლო პროცესები, არ ვიცი სად ვცხოვრობთ და რა კვალიფიკაციაზეა საუბარი. რომელი მოსამართლე დახურავს პროცესს ორი პენუარის გამო, გამაგებინეთ. ეს ფრაგმენტი სპეციალურად მოჭრეს და საზოგადოებაზე რომ მოახდინონ ზეგავლენა, მანიპულირება, ამის გამო ხდება ეს.
აქ არის საუბარი მესამე პირზე, მის პირად ცხოვრებაზე, რასაც გაურბიან და არ სურთ ლაპარაკი. სწორედ ამ ჩანაწერებში საუბრობს მამა გიორგი ამ მესამე პირზე. პროცესები რომ გახსნილიყო, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა, იმიტომ, რომ დაირღვეოდა ამ მესამე პირის პირადი ცხოვრების გარანტიები, ყველაფერი გამჟღავნდებოდა. მოსამართლეს რომ დაეხურა მხოლოდ ერთი ნაწილი, სადაც მხოლოდ ჩანაწერები გამჟღავნდებოდა, მაინც ვერაფერს გაიგებდა საზოგადოება”- აღნიშნა ირაკლი მამალაძემ ტელეკომპანია “პირველთან”.
შეგახსენებთ, დღეს ტელეკომპანია “პირველმა” დეკანოზ გიორგი მამალაძის ჩვენება გაასაჯაროვა, სადაც ის განმარტავს თუ რატომ დაიხურა პროცესები.
შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის სართაშორისო აეროპორტში პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს. მას სასამართლომ 5 სექტემბერს 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა.