საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაცია, დღეს დილით გავრცელებულ ღია წერილზე სადაც გიორგი ანდრიაძე პრეზიდეტს საქართველოს მტრებისთვის მოქალაქეობის მინიჭებაში ადანაშაულებს, მცირე კომენტარს აკეთებენ. როგორც პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე ამბობს, ზოგიერთი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის კრიტიკა ინდუნგენციაა და ისინი ყურადღებით დააკვირდებიან რომელი პოლიტიკოსი ჩაებმება ამ ბინძურ თამაშში.
მისი თქმით, ადამიანზე რომელზეც სერიოზული ეჭვი ჩნდება, რომ მას უმძიმესი დანაშააული ჰქონდეს ჩადენილი, ცდილობს ყურადღება პრეზიდენტის უაზრო და უსაფუძვლო კრიტიკაზე გადაიტანოს.
“სამწუხაროდ, ანდრიაძის მსგავსი ადამიანები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის კრიტიკა ინდულგენცია იქნება. ჩვენ არასოდეს მსგავს აბსურდ ბრალდებებს არ ვპასუხობთ, თუმცა ყურადღებით ვაკვირდებით ჩვენც და ალბათ, საზოგადოებაც თუ რომელი პოლიტიკოსები ჩაებმებიან ამ ბინძურ თამაშში,”- აცხადებს კოჟორიძე.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც პატრიარქის სახლში ტერორიზმში ეჭვმიტანილებს მალავდნენ, საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე გამოეხმაურა. ის უარყოფს პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის ბრალდებას.
“ეს არის სპექტაკლი ეკლესიის დისკრედიტაციისთვის, ეს არის ”ციანიდის საქმის” გაგრძელება“, – ამბობს ანდრიაძე.
მისივე თქმით, ის პირები, რომლებზეც სოსო ოხანაშვილმა ისაუბრა, არიან ლაზები, რომლებსაც უყვართ საქართველო და ხშირად ჩამოდიან ქვეყანაში.
“შედით და ნახეთ მათ ფეისბუქზე, ისინი წერენ და ეთაყვანებიან საქართველოს მთლიანობას და დამოუკიდებლობას” – აცხადებს ანდრიაძე და ამატებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მარგველაშვილი მოღალატეებს ხელს უწყობს და პატრიოტებს ხელს უშლის.