ირანის პრეზიდენტმა გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ქვეყანა „მტკიცედ უპასუხებს“ ირანთან ბირთვული პროგრამის შესახებ დადებული შეთანხმების ნებისმიერ დარღვევას და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ თეირანის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, რომ იგი გაეროსთვის გამოუსადეგარია, „უმეცარი, აბსურდული და ღვარძლიანი რიტორიკა“ უწოდა.
როგორც Associated Press-ს წერს, თავის სიტყვაში, რომელიც მკაფიოდ იყო მიმართული ტრამპის ადმინისტრაციისადმი, ირანის ლიდერმა, ჰასან რუჰანიმ გაერო-ს გენერალურ ასამბლეას უთხრა: „დიდად სამწუხარო იქნება, თუკი ეს შეთანხმება განადგურებული უნდა იქნეს მსოფლიო პოლიტიკაში უპატიოსნო ახალმოსულების მიერ“.
„მსოფლიო დიდ შესაძლებლობას დაკარგავს, მაგრამ ამგვარი სამწუხარო ქცევა არასოდეს დააბრკოლებს ირანის პროგრესისა და განვითარების კურსს“, განაცხადა რუჰანიმ.
ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა ობამას პრეზიდენტობისას აშშ-ის და დასავლეთის რამდენიმე სახემლწიფოს მიერ ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მიღწეული შეთანხმება.
გაეროში სიტყვით გამოსვლისას ირანზე საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ ის „კორუმპირებული დიქტატურაა“, რომელსაც განზრახული აქვს ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაცია.
მან ირანის მთავრობას მოუწოდა შეწყვიტოს ტერორიზმის მხარდაჭერა და კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ობამას დროს მიღწეული შეთანხმება თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, რასაც მან დაბრკოლება უწოდა.
guardian.ge