ე.წ. ციანიდის საქმის განაჩენის სამოტივაციო ნაწილი მსჯავრდებული დეკანოზის ადვოკატებს ჩაბარდათ.
როგორც „მეტრონომს“ ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განუცხადა, მოსამართლის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებას, შურისძიების მოტივით გულისხმობს, აბსურდია.
რამიშვილმა მოსამართლის მიერ, ადვოკატებისთვის გადაცემული ბრალის სამოტივაციო ნაწილის განმარტება გააცნო, სადაც, როგორც მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა წერია შემდეგი:
„სასამართლომ დეტალურად იმსჯელა დანაშაულის მოტივთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ მკვლელობას ბრალდებული გიორგი მამალაძე ამზადებდა შურისძიების მოტივით, რომლის დამაფუძნებელიც შორენა თეთრუაშვილზე განაწყენება გახდა“ .
როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ეს მოსამართლის მიერ ძალიან მცირედი შეფასებაა.
„ის გარემოებები, რაც ანგარების საფუძველი იყო, წაყენების ბრალდებაში, ანგარება არ ყოფილა და ვერც იქნებოდა, მოსამართლისთვის კი თურმე, საფუძველი ყოფილა შურისძიება და მისი მოტივაცია კი არის წყენა“- აღნიშნავს „მეტრონომთან“ მიხეილ რამიშვილი.
მისი თქმით, ამ საქმეში კიდევ ერთი საინტრესო ფაქტი ისაა, რომ თუ პირს აღმოაჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება, გამოძიება და სასამართლო განმარტავს, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვისგან თუ სად შეიძინა მან ეს ნივთიერება და რადგან ის მას აღმოაჩნდა, ერთმნიშვნელოვნად მისი საკუთრებაა:
„თქვენ ალბათ კარგად გახსოვთ, როდესაც ნარკოტიკებთან დაკავშირებით კამპანია იყო – „არა ჩადებას“. სასამართლოს და გამოძიების წინაშე ვითხოვდით, რომ დაედგინათ წყარო, პიროვნება, ადგილი – თუ ვისგან და სად შეიძინა ადამიანმა ციანიდი. მითუმეტეს, როცა მის მიმართ თვალთვალი მიმდინარეობს. სასამართლოს მიღებული აქვს ასეთი გადაწყვეტილება, რომ ვერ გაიზიარა დაცვის მხარის მოსაზრება, იმის შესახებ, რომ დადგენილი არ იყო ვისგან შეიძინა მამა გიორგიმ ციანიდი. რადგან თურმე სასამართო პრაქტიკაში ძალიან ხშირია, როცა ვერ დგინდება დანაშაულის იარაღის მოპოვების წყარო, რაც ბუნებრივია, თურმე ეჭვქვეშ ვერ აყენებს მის არსებობას.
ე.ი. ადამიანი შეიძლება ქუჩაში მოდიოდე და თუ ნარკოტიკი აღმოგიჩინეს, ნამდვილად შენი საკუთრება ყოფილა. ასე შეიძლება სახლში შემოვიდე და დამხვდეს ნარკოტიკული ნივთიერება, მაგრამ არანაირი შემხებლობა არ მქონდეს იმ ნივთებთან. ისიც კი უსაფუძვლოდ აქვს თავის მოტივაციაში მოყვანილი. თურმე ეს შესაძლებელი ყოფილა – ჩაგიდებენ, დაგიდებენ მაგიდაზე, მთავარია, რომ გეტყვიან შენიაო და მორჩენილია საქმე“- განაცხადა რამიშვილმა „მეტრონომთან“.
ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ. როგორც რამიშვილმა გვითხრა, შემდეგ კვირაში სასამართლოში აუცილებლად შევა საჩივარი ამასთან დაკავშირებით.
შურისძიების მოტივით დეკანოზის გასამართლება გაუგებარია პროკურორებისთვისაც. როგორც მათ სასამართლო სხდომების და განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადეს, როდესაც მათ სამოტივაციო ნაწილი ჩაბარდებათ, იმსჯელებენ და გადაწყვეტენ გაასაჩივრებენ თუ არა მას.
შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას 5 სექტემბერს, პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის, შურისძიების მოტივით, 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.
ავტორი: ნინო ცხადაია