ახალი ამბები მთავარი სამართალი

პატრიარქი: “ლაზებო, არ დაგაბრკოლოთ ზოგიერთთა ზიანის მომტანმა ქმედებებმა”

“სამწუხაროა, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მტკივნეულად შეეხო ჩვენი ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ქართველებსაც და მათი განაწყენება გამოიწვია”- ამის შესახებ მიმართვას პატრიარქი ავრცელებს.

საქმე ეხება პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის მიერ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებას, სადაც ის აბობს, რომ პატრიარქის რეზიდენციაში, შორენა თეთრუაშვილისა და გიორგი ანდრიაძის ხელშეწყობით, ტერორიზმში ბრალდებული თურქეთის მოქალაქეები (ლაზები) ცხოვრობდნენ.

“ლაზებო, ფერეიდნელებო, ტაო-კლარჯელნო, ჰერნო, საქართველოს ავბედობის გამო სამშობლოს მოწყვეტილნო საყვარელო ჩვენო ყოველნო შვილნო, არ დაგაბრკოლოთ ზოგიერთთა ზიანის მომტანმა ქმედებებმა; დრო გავა და, იმედი გვაქვს, ისინიც შეინანებენ თავის საქციელს; თქვენ კი გახსოვდეთ: საქართველოს და საქართველოს ეკლესიას უყვარხართ, სადაც არ უნდა იყოთ, თავისად მიაჩნიხართ, გული დიდად შესტკივა თქვენზე და ყოველთვის ეყოლებით მფარველობის ქვეშ.

დღეს რთული დროა, მრავალთა ინტერესი იკვეთება ჩვენს პატარა სამშობლოსთან მიმართებაში; პრობლემების უმრავლესობაც აქედან მოდის; მაგრამ ღმერთი დიდია და იგი თქვენც და ჩვენც მოგვცემს ძალას დაბრკოლებების გადასალახავად.

თქვენ ყველას და სრულიად საქართველოს გულითადად გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დღეს; ყოვლადწმინდა მარიამის მფარველობა არ მოგაკლდეთ მისი წილხვედრი ქვეყნის შვილებს”- ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ პატრიარქის განცხადებაში.

გიორგი ანდრიაძემ, რომელიც ე.წ “ლაზურ პროექტს” ხელმძღვანელობს, ოხანაშვილის ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ლაზები ოხანაშვილისა და სხვათა განცხადებების გამო განაწყენდნენ.

იტვირთბა....