ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის მერმა პეკინის გამზირი ოფიციალურად გახსნა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია 2017 წლის ყველაზე მასშტაბურ და ამბიციურ პროექტად დაასახელა.

დღეს თბილისის მერმა პეკინის ქუჩაზე დასრულებული სამუშაოები შეაჯამა.

ნარმანიას თქმით, პროექტი უმოკლეს ვადაში, საკმაოდ წარმატებით დასრულდა.

დავით ნარმანიას თქმით, ქუჩაზე სრულად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, გზის საფარის რეაბილიტაციის პარალელურად, განახლდა ამორტიზებული სანიაღვრე ქსელი, შეიცვალა წყალმიმღები ჭები, ცენტრალურ კოლექტორთან შემაერთებელი მილები და ჭის თავსახურები, განახლდა ორი მაგისტრალური მილსადენი და ცენტრალური კანალიზაციის კოლექტორი.

როგორც ნარმანიამ განაცხადა, პეკინი-მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე არსებულ სამკუთხედში დაახლოებით 50 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა. ჯამში, პეკინზე, პარკირების 205 ადგილი იქნება.

რაც შეეხება რეაბილიტირებულ პეკინზე საავტომობილო მოძრაობას, თბილისის მერის თქმით, მოძრაობა არსებულ, ცალმხრივ რეჟიმში გაგრძელდება, ვინაიდან ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პეკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობის გაცალმხრივება გადაადგილების კუთხით ქალაქში დაბრკოლებას არ ქმნის. თბილისის მერმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 23 სექტემბრიდან პეკინის, კანდელაკისა და შარტავას ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს.

ნარმანია გამწვანების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ პეკინის ქუჩაზე გამწვანების სამუშაოებიც ჩატარდება და ქუჩის გასწვრივ დეკორატიული მცენარეები ეტაპობრივად დაირგვება. მისივე თქმით, პეკინზე უკვე დაიდგა სკვერის სკამები და დამონტაჟდა სახანძრო ჰიდრანტები.

იტვირთბა....