თვითმართველობის არჩევნებამდე თვე-ნახევრით ადრე, კვლავ უცნობია, რეალურად, რომელ პარტიას რა რეიტინგი აქვს. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც იმის ცოდნაა, ოპოზიციას რომელ რეგიონში აქვს არჩევნების მოგების შანსი და „ქართულ ოცნებას“ პრობლემები სად შეიძლება შეექმნას.
„მეტრონომთან“ პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ მთავარი დარტყმის ქვეშ, შესაძლოა თბილისში და ქვეყნის დიდ ქალაქებში აღმოჩნდეს. მათივე მოსაზრებით, არ არის გამორიცხული „ოცნებას“ იმ რეგიონებში გაუჭირდეს, სადაც გასულ წელს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს წააგო.
ანალიტიკოსების აზრით, ეს იქნება კარგად ყიდვადი არჩევნები, მითუმეტეს რეგიონებში. პოლიტოლოგებს მოლოდინი აქვთ, რომ ხელისუფლება სადაც მეტს გადაიხდის, იქ უფრო მეტ ხმას მიიღებს. თუმცა, ყველა მათგანი თანხმდება იმაზე, რომ ბრძოლის მთავარი არენა თბილისი იქნება, ხოლო ხელისუფლება ყველაზე მეტ წინააღმდეგობას სამეგრელოში, სამცხეთ-ჯავახეთში და აჭარაში უნდა ელოდოს.
ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, გია ხუხაშვილი „მეტრონომთან“ ამბობს, რომ, რა თქმა უნდა, თვითმმართველობის არჩევნებში ხელისუფლებას უპირატესობა აქვს. მისი აზრით, მიუხედავად მოსახლეობის უკმაყოფილებისა ხელისუფლების მიმართ, „ოცნება“ ოპოზიციასთან მაინც უპირატეს მდგომარეობაშია.
ეს კი ორი მიზეზით არის განპირობებული – ხუხაშვილის აზრით, პირველი ეს არის ის, რომ მოსახლეობას ცუდსა და უარეს შორის არჩევანის გაკეთება უწევს. შესაბამისად, ამომრჩეველი არჩევანს არა პარტიის პროგრამის მიხედვით გააკეთებს, არამედ კარგად გაიყიდება. მისი აზრით, „ოცნების“ მთავარი ბრძოლის ველი, მაინც თბილისი იქნება. ხელისუფლებას პატარა წინააღმდეგობა შესაძლოა ასევე, ქვეყნის რამდენიმე დიდ ქალაქში შეექმნას. ანალიტიკოსი ასეთ ქალაქებად, ბათუმს და ქუთაისს მიიჩნევს.
„ამ არჩევნებში ამომრჩეველი ნათლად ამბობს, რომ მას არავისი სჯერა. ის პირდაპირ მიანიშნებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ გადაიხადონ და კი, ბატონო, შესაძლოა ერთჯერადად ხმა მისცენ. ხვალ რას გაუკეთებენ, არ აინტერესებთ. ასეთი ტიპის არჩევნებში ხელისუფლებას გადამწყვეტი უპირატესობა აქვს. მას ამომრჩევლის ყიდვის მეტი საშუალება აქვს. ამაში პირდაპირ ყიდვას და ფულის გადახდას არ ვგულისხმობ. ეს შეიძლება გზის გაყვანა, წყალი, გზის დაგება, საჯარო სამსახურში ხელფასების მომატება. და ა.შ. ეს ყველაფერი ხელისუფლებისგან მონოპოლიზირებულია.
ერთადერთი, სადაც ხელისუფლებას შეიძლება გაუჭირდეს, ეს არის თბილისი. ვფიქრობ, მას აქ მეტი წინააღმდეგობა შეხვდება, ვიდრე სხვა ქალაქებში. თუმცა, არც იმას არ გამოვრიცხავ, რომ „ოცნებას“ ქვეყნის დიდ ქალაქებში მოგება ცოტა გაუჭირდეს. ამ შემთხვევაში, თბილისის მსგავსად წინააღმდეგობა მას, ბათუმში და ქუთაისში შეიძლება შეხვდეს“, – ამბობს ხუხაშვილი „მეტრონომთან“.
ანალიტიკოსი გია ნოდია „მეტრონომთან“ ამბობს, რომ ხელისუფლება თვითმმართველობის არჩევნებისთვის განსაკუთრებულ წინააღმდეგობას სამეგრელოსა და ქვემო ქართლში უნდა ელოდოს. მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით საქართველოში რაიმე კვლევა არ გამოქვეყნებულა, ნოდიას აზრით, დასკვნების გამოტანა გასული წლის საპარლამენტო არჩევნებიდან შეგვიძლია.
მისი აზრით, სამეგრელოში თვითმმართველობის არჩევნებისთვის გარკვეული დუღილი იქნება, რაც ამ რეგიონისთვის ყოველთვის დამახასიათებელია. ნოდიაც ფიქრობს, რომ არჩევნებში ხელისუფლება ყველა ოპოზიციურ პარტიაზე უპირატეს მდგომარეობაში იმყოფება. მას მითუმეტეს რეგიონებში, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მეტი შესაძლებლობა აქვს. ასევე, ინფორმაციული თვალსაზრისით, რეგიონები უფრო რთულ სიტუაციაში იმყოფებიან.
„კვლევების გარეშე რთული სათქმელია „ქართულ ოცნებას“ არჩევნების მოგება სად შეიძლება გაუჭირდეს. მიუხედავად ქვეყანაში მოსახლეობის მასობრივი უკმაყოფილებისა, როგორც წესი, ასეთი არჩევნების დროს, ხელისუფლება მაინც უპირატეს მდგომარეობაში იმყოფება. „ოცნებას“, ვფიქრობ პორბლემები, სამეგრელოში და ქვემო ქართლში შეექმნება. ეს რეგიონები ყველა არჩევნების დროს, სახელისუფლო კანდიდატს ნაკლებად წყალობენ. თუმცა, ბრძოლის მთავარ ადგილად, მაინც დედაქალაქი იქცევა. ვხედავთ კიდევაც, რომ ყველა სწორედ თბილისში მოსაგებად ემზადება“,-ამბობს ნოდია „მეტრონომთან“.
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე „მეტრონომთან“ საუბრისას, იმ რეგიონებს ასახელებს, სადაც „ოცნებას“ თვითმმართველობის არჩევნებში მოგება გაუჭირდება. ჩიტაძის აზრით, ხელისუფლებას წინააღმდეგობა ქვემო ქართლში, მაგალითად, მარნეულში შეხვდება. ასევე, მისი აზრით, მძაფრი კონკურენტული ბრძოლა მოსალოდნელია სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთში, კერძოდ ახალციხეში. გარდა ამისა, პოლიტოლოგის თქმით, არ არის გამორიცხული, „ოცნებას“ იმედი აჭარამაც გაუცრუოს. ამის ნათელ მაგალითად ის მარტში, ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ასახელებს. მისი აზრით, ამ რეგიონებში “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერთა რაოდენობა შედარებით მაღალია.
„ოცნებას“ მეტ-ნაკლებად ყველა რეგიონში მოგება გაუჭირდება. როგორც ცნობილია, 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მეორე ტურის დანიშვნა ძალიან ბევრ რეგიონში გახდა საჭირო. იგივე სიტუაცია არც ამ არჩევნებშია გამორიცხული.
ბევრი რამე ხალხის მობილიზებაზე იქნება დამოკიდებული. არჩევნებზე რაც უფრო ნაკლები ხალხი მივა, მით უკეთესი “ოცნებისთვის.” ანუ “ოცნება” მოახერხებს 300 ათასამდე ხალხის მობილიზებას მუნიციპალიტეტში დასაქმებული ხალხით და მათი ნათესავებით. ხოლო თუ ბევრმა ადამიანმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და გამოხატა თავისი უკმაყოფილება, მით უარესი “ოცნებისთვის. ახლა, “ნაციონალებზეა” დამოკიდებული, რამდენად შეძლებენ ამომრჩეველთა მობილიზებას. ამ არჩევნებშიც მგონია, რომ ძირითადად მთავარი ორთაბრძოლა “ნაციონალური მოძრაობასა” და “ქართული ოცნებას” შორის გაიმართება – განაცხადა ჩიტაძემ „მეტრონომთან“.
ავტორი: ელზა პაპოშვილი