არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა

„კეზერაშვილი და ივანიშვილი მორიგდნენ“: გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ „ევროპული საქართველო“ მმართველ გუნდს შეეკრა

ექსკლუზიური ინტერვიუ „ახალი საქართველოს” მერობის კანდიდატ, გიორგი ვაშაძესთან

„მეტრონომი“ აგრძელებს წინასაარჩევნო პერიოდში, მერობის კანდიდატებთან გასაუბრებას. შევეცდებით, მაქსიმალურად თანაბრად წარმოვაჩინოთ დედაქალაქის მერობის კანდიდატები და საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია თითოელ მათგანზე, მათ გეგმებზე და დაპირებებზე. ამჯერად, ჩვენი სტუმარია პოლიტიკური პლატფორმა, “ახალი საქართველოს” მერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე.

ვაშაძე “მეტრონომთან” ინტერვიუში, წინასაარჩევნო დაპირებებზე და მის შესრულების მექანიზმებზე საუბრობს. რა შეცდომებს ხედავს ის ქალაქის მართვაში? რა სახის პრობლემები არსებობს თბილისში და მერობის შემთხვევაში, პირველ რიგში, რომლის მოგვარებას შეუდგება?

ვაშაძე „მეტრონომთან“ საუბრისას ყოფილი თანაგუნდელების „ნაციონალების“ და „ევროპული საქართველოს“ დაპირისპირებას აფასებს. მისი აზრით, კეზერაშვილი და ივანიშვილი გარიგდნენ, ამის ერთ-ერთ  ნათელ მაგალითად  კი  ვაშაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას ასახელებს, სადაც კეზერაშვილი ყველა ბრალდებაში გამართლდა.

„მეტრონომი“: რა არის თქვენი მთავარი საარჩევნო დაპირებები?

გიორგი ვაშაძე: ჩვენი მთავარი დაპირებაა, რომ თბილისი რეგიონში ლიდერ ქალაქად ვაქციოთ. შეიძლება ყველას ინდივიდუალურად ცალკეული მიზანი გვაქვს, მაგრამ მთავარია, ყველას ერთად რისი მიღწევა გვსურს. წლების მანძილზე ქართველებს არასრულფასოვნების კომპლექსი ჩამოგვიყალიბეს. გვეუბნებოდნენ, რომ პატარა ქვეყანა ვართ და არაფერი შეგვიძლია. ეს დრო უნდა დამთავრდეს და ჩვენი ადგილი მსოფლიოში კარგად უნდა გავიაზროთ.

რაც შეეხება კონკრეტულ დაპირებებს, ეს არის პარკინგის პრობლემის მოგვარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ველობილიკები, გამწვანება, იგივე ხანძრის საფრთხეებისგან მოსახლეობის დაცვა, ხანძარსაწინააღმდეგო გეგმის შემუშავება.

ეს არის ძალიან მარტივი და ელემენტარული დაპირებები, რომლის გადაწყვეტაც ისევე მარტივად შეგვიძლია, როგორც საპასპორტე სისიტემიდან იუსტიციის სახლებზე გადასვლა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ქალაქში უმუშევრობა და სოციალური გაჭირვება ერთხედ და სამუდამოდ დავამარცხოთ. ზუსტად ამისთვის გვჭირდება, რომ საქართველოს ფუნქცია გლობალურ სამყაროში დავინახოთ და საკუთარ თავთან არ ჩავიკეტოთ.

– თქვენი მერად არჩევის შემთხვევაში, შესაძლოა საკრებულოში უმრავლესობა არ გყავდეთ. როგორ აპირებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან დაპირისპირებულ სიტუაციაში ამ დაპირებების შესრულებას?

– თუ ამ არჩვენებში გავიმარჯვე, საკრებულოში უმრავლესობაც მეყოლება. მერს საკმაოდ დიდი მანდატი აქვს და ასე ადვილად მას ხელს ვერავინ შეუშლის. ეს არის ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე თანამდებობა. ქალაქის მმართველს კი  საკმაოდ დიდი კომპეტენცია უნდა ჰქონდეს.

ამიტომ, ვინც ჩემი ხასიათი იცის და ვისაც ჩემთან უმუშავია, იციან, რომ მენეჯმენტში საკმაოდ კარგი გამოცდილება მაქვს. მე ვარ მენეჯერი, რომელმაც შევქმენი საპასპორტო სისტემის რეფორმა. შესაბამისად ამ ქალაქის ფეხზე დაყენება არ გამიჭირდება. რაც შეეხება ხელისუფლებას, ისინი იძულებულები იქნებიან, რომ ჩემთან ითანამშრომლონ. ეს იდეების კონკურენცია უნდა იყოს და არა კინკლაობა.

– თქვენი კონკურენტი კანდიდატების ერთ-ერთი მთავარი დაპირება, კომპანია „სითი პარკის“ ქალაქისთვის მოშორებაა. რას აპირებთ თქვენ, მითუმეტეს, კომპანიასთან ხელშეკრულება თქვენი ყოფილი გუნდის წევრმა გიგი უგულავამ დადო.

– „სითი პარკზე“ საუბარი ჩემთვის საბავშვო ბაღია. ამ კომპანიის თავიდან მოშორებას აქამდე რა უნდოდა?! უჩივლონ სასამართლოში და მოაშორონ ერთხელ და სამუდამოდ. რას ეფერებიან? ეს კომპანია საკუთარ თავზე დაკისრებულ მოვალეობებს არ ასრულებს.

ეს არის უბრალოდ, სწორი მენეჯმენტის საკითხი. რა უნდა ქალაქში საცობების განმუხტვას, პარკირებების აშენებას, ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას და ავტოპარკის განახლებას. ეს ხალხი ფულს ამ პრობლემების მოსაგვარებლად კი არა, საკუთარ ჯიბეებში გადანაწილებით არის დაკავებული. ჩემს პროგრამაში კონკრეტული თარიღები მაქვს მითითებული, რას რომელ ვადებში გადავჭრი. რომელიმე კანდიდატს აქვს ეს ვადები მითითებული?

– დავით ნარმანიაც მერად გახდომამდე თბილისელებს პირდებოდა, რომ „სითი პარკს“ თავიდან მოაშორებდა, მაგრამ დღემდე ვერ მოახერხა…

– დავით ნარმანიას „სითი პარკმა“ ფული გადაუხადა და ამ ყველაფერზე უბრალოდ თვალი დახუჭა. ეს არის კორუფციული გარიგება. ისევე როგორც თბილისის აეროპორტი. ჩვენს პროგრამაში ასევე გაწერილია, რომ თბილისი საჰაერო ჰაბი უნდა გახდეს.

საქართველოს აეროპორტი სტამბოლის აეროპორტის დანამატად იქცა. მილიონიან ქალაქებთან სამი საათის რადიუსში პირდაპირი რეისები არ გვაქვს. რაზე ვსაუბრობთ, რა „სითი პარკი“ აბა, აქ არის დიდი კორუფციული გარიგება. კომპანია „ტავე“ ყველა სტანდარტს არღვევს. მას 2014 წელს კვლავ ხელშეკრულება დაუდეს. სტამბოლის აეროპორტიდან გადაგდებული და ნახმარი ავტობუსები ჩამოიტანეს, რომლითაც მგზავრებს დაატარებენ.

– რატომ ვერ შეთანხმდა ოპოზიცია, რომ მერობის საერთო კანდიდატი წარმოედგინა?

– ვერ გეტყვით შეთანხმება რატომ არ მოხდა. ყველა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიას შევთავაზე, რომ პრაიმერის გზით, ერთი კანდიდატი აგვერჩია, თუმცა, როგორც ხედავთ, ყველამ საკუთარი კანდიდატი წარმოადგინა.

– თუ მეორე ტური დაინიშნება, რომელ ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭერთ მხარს, თუ მნიშვნელობა არა აქვს ვინ იქნება?

– მთავარი მიზანი ახლა ის უნდა იყოს, რომ მეორე ტურის შემთხვევაში, მესამე ადგილზე თუ არა, კალაძე მეორე ადგილზე მაინც გავიდეს. ასეთ შემთხვევაში, ოპოზიციის მთავარი მიზანი, მისი დამარცხება უნდა იყოს.

– ელით თუ არა, რომ მმართველი გუნდის კანდიდატი ადმინისტრაციულ რესურს გამოიყენებს. ცნობილი ფეხბურთელების საქართველოში ჩამოყვანა, თქვენმა კონკურენტებმა ეს წინასაარჩევნო პიარკამპანიად შეაფასეს…

– წინასაარჩევნო გარემო ძალიან რთულია. მთელი სახელმწიფო ბიუჯეტი „ქართული ოცნების“ ინტერესებისთვის იხარჯება. ადმინისტრაციული რესურსების და საბიუჯეტო ხარჯების გამოყენება ჩვეულებრივად, დაუმალავად ხდება. ვხედავთ, რომ ფეხბურთის ფედერაცია ამხელა ფულს, კალაძის პიარკამპანიისთვის ხარჯავს და მისი მეგობარი ფეხბურთელები ბიუჯეტის ფულით ჩამოჰყავს.

რაც შეეხება კალაძეს, ეს ადამიანი ბუნებით ფეხბურთელია და ვურჩევ ფეხბურთი ითამაშოს. მას ასე კარგად არაფერი საქმე არ გამოსდის.

– თქვენი ყოფილი თანაგუნდელები „ნაციონალები“ და „ევროპული საქართველო“ ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდნენ. როგორია თქვენი პოზიცია, თქვენც ფიქრობთ, რომ კეზერაშვილმა საქართველოში ფული თაღლითურად იშოვა?

– ნიკა მელიამ გამოხატა ის აზრი, რაც მას პირადად გააჩნია. ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, ძალიან ბევრი ცდომილება იყო. ამაზე ღიად ყველამ უნდა ვისაუბროთ. რაც შეეხება ჩემს პოზიციას „ევროპულ საქართველოსთან“ დაკავშირებით, ეჭვიც არ მეპარება, რომ „ევროპული საქართველო“ მმართველ გუნდთან შეკრულია.

ამომრჩეველს ხელოვნურ ოპოზიციონერობას ვერ შეტენი. ვფიქრობ, მათ ამ არჩევნებზე სერიოზული გაკვეთილი უნდა მიიღონ. „ევროპული საქართველო“, რომ ქართული ოცნების გაგრძელება გახდა, ეს ახალი არ არის.

– კეზერაშვილი საქართველოს სასამართლომ ყველა ბრალდებაში გაამართლა. თქვენც ფიქრობთ, რომ კეზერაშვილი ბიძინა ივანიშვილს შეეკრა, მათ შორის რაიმე გარიგებაა?

– ფაქტია, რომ დავით კეზერაშვილს „ქართულ ოცნებასთან“ კონკრეტული გარიგება აქვს. არ მგონია ივანიშვილს მასთან პირდაპირი კომუნიკაცია ეკადრა, თუმცა, თავის წარმომადგენელს, რა თქმა უნდა, მიუგზავნიდა და სასამართლოს გადაწყვეტილებაც ამაზე მეტყველებს.

კეზერაშვილი და ივანიშვილი ფაქტია, მორიგდნენ. კეზერაშვილს საქართველოში რა ბიზნესიც ჰქონდა, ისევ ყველაფერი აქვს. ნიკა მელიას კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია ექნება. ალბათ მოვა დრო და უფრო კონკრეტულადაც ისაუბრებს.

– თუ კვლავ მმართველი გუნდის კანდიდატი გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, ქვეყანაში სიტუაცია როგორ შეიძლება განვითარდეს?

– ეს იქნება კატასროფა და საქართველოს პოლიტიკურმა სპექტრმა ამის შემდეგ სერიოზული ნაბიჯები უნდა გადადგას. სხვაგვარად, მგონია, ქვეყანაში სიტუაცია კატასტროფულად განვითარდება. არ ვიცი, ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება და დანარჩენზე შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ.

ავტორი: ელზა პაპოშვილი

 

იტვირთბა....