აუდიტის სამსახურში პოლიტიკური პარტიების შემოწირულობით დაინტერესდნენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, პოლიტიკური პარტიების შემომწირველთა გამოკითხვა დაიწყო. აუდიტის სამსახურში 14 პირის გამოკითხვა მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, პარტიებისთვის გადაცემული თანხები შემომწირველთა დეკლარაციებში ასახულ ფინანსებს აღემატება.
აუდიტის სამსახურში „ქართული ოცნების“ შემომწირველებიდან ჯერჯერობით არავინ მისულა.
აუდიტის სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება მარიამ რამინაშვილი, რომელიც „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი და ამავდროულად პარტიის ერთ-ერთი შემომწირველია.
რამინაშვილი აცხადებს, რომ აუდიტის სამსახური და მმართველი გუნდი პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერების დაშინებას ცდილობს.
“აქტივობა, რომელსაც აუდიტის სამსახური ახორციელებს, სინამდვილეში ხელისუფლების ინტერესებში შედის. ეს ყველაფერი ოპოზიციური პარტიების მომხრეთა დასაშინებლად კეთდება. თუმცა ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვაა, რომ ამაოა ნებისმიერი მცდელობა, რადგანაც თითოეულმა ჩვენგანმა კარგად ვიცით კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები და გადაწყვეტილებები რომელსაც ვიღებთ ეს არის ნებაყოფლობითი,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი მარიამ რამინაშვილი.
კითხვაზე შეესაბამება თუ არა შემოსავალი გაცემულ შემოწირულობას, მარიამ რამინაშვილი ამბობს, რომ მან „ევროპულ საქართველოს“ მხოლოდ 5 ათასი ლარი შესწირა და შეწირული თანხა სრულ შესაბამისობაში მოდის მის შემოსავალსა და დანაზოგთან.