განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა შუახევის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მასწავლებლის მიერ, ბავშვებთან ერთად, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ, “ქართული ოცნების” დროშებით გადაღებულ ფოტოებს გამოეხმაურა. მინისტრის განცხადებთ, ყველა პირი დაისჯება, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული:
“აუცილებლად დაისჯება ყველა პირი, ვინც შეგნებულად ან შეცდომით დაუშვა ბავშვების პოლიტიკურ პროცესში ჩართვა.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ან უხეშ დარღვევასთან ან გამიზნულ მოქმედებასთან. ჩვენ დავიწყეთ მოკვლევა გუშინწინ, როდესაც ეს ინფორმაცია მივიღეთ. ძალიან პრინციპული საკითხია და სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვისაც დაუმტკიცდება შეგნებული ნაბიჯი ან თუნდაც წესებიდან გადაცდომა. საინტერესო ის არის, რომ მიგვითითებს და რჩევებს გვაძლევს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც სკოლის პოლიტიზების პრაქტიკა შექმნა. მათ ამ თემაზე სალაპარაკო ნამდვილად არ აქვთ. ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა სწორედ ის არის, რომ სკოლები სრულად თავისუფალია პოლიტიკური პროცესისგან და მომავალშიც ასე იქნება“, – განაცხადა ჯეჯელავამ.
მინისტრი შუახევის სკოლის მასწავლებლის და დირექციის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს, რომელიც მისი თქმით, გამოიხატება ან გაფრთხილებით, საყვედურით, უკიდურეს შემთხვევაში კი, სამსახურიდან გათავისუფლებით.
შეგახსენებთ, შუახევში, სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებელი, მარინე დარჩიძე სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად ფეისბუქზე პირველკლასელებთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
ფოტოზე ჩანს, რომ პირველი კლასის მოსწავლეებს ხელში “ქართული ოცნების” დროშები უჭირავთ.
საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ გავრცელებული ფოტო სოციალურ ქსელში განხილვის საგანი გახდა. “ფეისბუქის” მომხმარებლები წერენ, რომ წინასაარჩევნო კამპანია საჯარო სკოლებშიც დაიწყო.