ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კეზერაშვილის ნებართვის გარეშე საქართველოში შაქარიც კი ვერ შემოდიოდა”

“ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი თეა თუთბერიძე აცხადებს, რომ  ნიკა მელიას მიერ დავით კეზერაშვილს შესახებ გაკეთებულ განცახდებაზე  პარტიაში კომენტარი უნდა გააკეთონ. მისი აზრით, ნამდვილად უნდა გაირკვეს, ვინ რას აკეთებდა, რეალურად ვინ ვის თამაშს თამაშობდა, ვინ ეწეოდა არაკეთილსინდისიერ საქმიანობას, ვინ როგორ უთხრიდა სააკაშვილს ძირს (რასაც, საბოლოო ჯამში, სახელმწიფო გადაჰყვა), ვინ იწყობდა ცხოვრებას და გადავხედოთ, ვინ სად არის ახლა.

თუთბერიძის განცხადებით, იმ პერიოდში მას  ხშირად სმენია, რომ ბიზნესმენებს კეზერაშვილის ნებართვის გარეშე შაქარიც კი ვერ შემოჰქონდათ ქვეყანაში. მისი თქმით, მას კიდევ ბევრი რამე სმენია და ხშირად ჰქონია ამ საკითხებზე საუბარი  მეგობრებთან ყოფილი ხელისუფლებიდან.

“ვფიქრობ, ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ შეცდომებზე საუბარს. ორმაგი მიდგომები აზარალებს ყველაფერს. არც იმის მომხრე ვარ, რომ დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნიკა მელიას ამ განცხადებებზე კომენტარს აღარავინ აკეთებს. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას, ნამდვილად უნდა გაირკვეს, ვინ რას აკეთებდა, რეალურად ვინ ვის თამაშს თამაშობდა, ვინ ეწეოდა არაკეთილსინდისიერ საქმიანობას, ვინ როგორ უთხრიდა სააკაშვილს ძირს (რასაც, საბოლოო ჯამში, სახელმწიფო გადაჰყვა), ვინ იწყობდა ცხოვრებას და გადავხედოთ, ვინ სად არის ახლა. ამ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხები, ვფიქრობ, ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს.

ერთი ადამიანი, მიშა იქნება ეს თუ გრიშა, თუ გარშემო საქმისადმი და ღირებულებებისადმი ერთგული ადამიანები არ ჰყავს, ან ჰყავს, მაგრამ მათ შორის არაერთგულიც ბლომად, მსგავსი რაღაცების არმოხდენის გარანტი ვერც იქნებოდა და ვერც მომავალში იქნება. უბრალოდ, ეს ჭკუის სასწავლებელი კარგი მაგალითი უნდა იყოს სამომავლოდ მისთვის. რაც შეეხება იმას, მან რამდენად იხეირა ფინანსური კუთხით ამ 9 წლის განმავლობაში და იყო თუ არა კორუფციაში გარეული, ამას ის სამარცხვინო ბრალდებებიც მოწმობს, რომელი საქმეებიც მის მიმართ არის აღძრული, შვიდი პიჯაკის, ქაშმირის პალტოს, „ვენოკებისა“ და ოფიციალური სახელმწიფო პირების სტუმრობისთვის გაწეული ხარჯების საქმეები, რომლებიც სამარცხვინო ფურცლად შევა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

ნაკლებად მჯერა, რომ გიგა ბოკერია რაიმე კორუფციაში იყო ჩართული, არც გიგი უგულავაზე შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ, სამწუხაროდ, ფაქტია, რომ იმ პერიოდში კეზერაშვილი და მისნაირი ადამიანები ძალიან საეჭვოდ აკეთებდნენ დიდ ფულს და ამაში, ჩემს წილ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ, რადგან არ მქონდა საკმარისი რეაქცია.

მე უფრო ასე დავსვამდი კითხვას – ვინ აფარებდა ხელს დავით კეზერაშვილს იმ პერიოდში? მიშას დროს ბევრი სარგებლობდა ხელშეუხებლობის გარანტიით. ვისგან ჰქონდათ მათ ეს გარანტიები, სწორედ ეს არის საინტერესო. მე მაგალითად, იმ პერიოდში ხშირად მსმენია, რომ ბიზნესმენებს კეზერაშვილის ნებართვის გარეშე შაქარიც კი ვერ შემოჰქონდათ ქვეყანაში. კიდევ ბევრი რამე მსმენია და ხშირად მქონია ამ საკითხებზე საუბარი ჩემს მეგობრებთან ყოფილი ხელისუფლებიდან”,-ამბობს თეა თუთბერიძე “პრაიმთაიმთან” საუბრისას.

შეგახსენებთ, კორუმპირებული, ყაჩაღი, მძარცველი, მოღალატე – ამ ეპითეტებით „შეამკო“ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ ყოფილი თანაგუნდელები „ევროპული საქართველოდან“. როგორც ჩანს, მელიას განსაკუთრებულ გაღიზიანებას დავით კეზერაშვილის ფაქტორი იწვევს, რომელიც, მისივე თქმით, ყაჩაღურად ნაშოვნი მილიონებით უგულავა-ბოკერიას პარტიას აფინანსებს, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ ეს მილიონები თავად „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმარდებოდა.

მელიას მოულოდნელი და სკანდალური განცხადებით დაბნეულები ჩანან „ნაციონალურ მოძრაობაშიც“, სადაც ამ საკითხზე განმარტებების გაკეთება აღარ სურთ, „ევროპულ საქართველოში“ კი ეჭვობენ, რომ ბრალდებები უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის დავალებით გაჟღერდა.

წყარო: “პრაიმთაიმი”

 

იტვირთბა....