ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პეკინის გამზირი ოფიციალურად 21 სექტემბერს გაიხსნება

პეკინის გამზირი ოფიციალურად 21 სექტემბერს, ხუთშაბათს გაიხსნება, – ამის შესახებ “მეტრონომს” მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განუცხადეს.

აქამდე ცნობილი იყო, რომ განახლებული გამზირი დღეს, 18 სექტემბერს, ოფიციალურად უნდა გახსნილიყო, თუმცა ის საბოლოოდ, ხუთშაბათს გაიხსნება:

“გზის სამუშაოები დასრულებულია და არანაირი შეფერხება არ არის. მხოლოდ დეტალებია დარჩენილი, მაგალითად, გზის დახაზვა, რომელსაც საქალაქო სამსახური ახორციელებს. ასევე, სრულდება ველობილიკის მოწყობა და ხუთშაბათს, 21 სექტემბერს, პეკინის გამზირი ოფიციალურად გაიხსნება”- განუცხადეს “მეტრონომს” მერიის კეთილმოწყობის სამსახურში.

თბილისის მერი დავით ნარმანია, გუშინ,  პეკინის ქუჩაზე ველობილიკის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

კერძოდ, ბულაჩაურის ქუჩიდან მიროტაძის ქუჩამდე, 1 კმ-იანი, 2,80 მეტრის სიგანის ველობილიკი კეთდება. ველობილიკზე ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი. თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახური კი, იქ შესაბამის ნიშნებს განათავსებს.

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისში ასეთი თანამედროვე და მოწესრიგებული ფორმით ველობილიკი პირველად კეთდება.

„დღეს იგება ველობილიკი და ამით პრაქტიკულად სრულდება პეკინის გამზირზე მიმდინარე სამუშაოები. მნიშვნელოვანია ის, რომ თბილისში პირველად კეთდება ასეთი ევროპული, თანამედროვე და მოწესრიგებული ფორმით საველოსიპედო ბილიკი. ტროტუარი გაფართოვდა და მაქსიმალური კომფორტი იქნება იმისათვის, რომ როგორც ველოსიპედით მოსიარულეებმა, ასევე ფეხით მოსიარულეებმა თავი იგრძნონ თავისუფლად, თან ეს ყველაფერი კეთდება ისე, რომ უკვე აღდგენილია და თავისუფალია სამანქანო მოძრაობა . უახლოეს დღეებში დაიხაზება, როგორც ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელები, ასევე სამანქანო ნაწილი. შესაბამისად 21 სექტემბრიდან , როცა ჩვენ საბოლოოდ გავხსნით პეკინის გამზირს დასრულდება ყველა სამუშაო“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

იტვირთბა....