ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სიცოცხლისთვის საშიში თამაშები: მსხვერპლის დედა მოზარდების მშობლებს აფრთხილებს

საქართველოში გავრცელდა 50-დღიანი სიცოცხლისთვის საშიში თამაში, რომელმაც ბოლო პერიოდში, კიდევ 2 არასრულწლოვანი იმსხვერპლა. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის სიუჟეტში ფსიქოლოგი ამბობს, რომ მსხვერპლი გაცილებით მეტია.

თამაშის წესების მიხედვით, ბავშვები დავალებებს ინტერნეტის ან სატელეფონო ზარის მეშვეობით, ე.წ. მასტერებისგან იღებენ. ბავშვები, რომლებმაც თამაში უკვე დაიწყეს, მის გაწყვეტას ვერ ბედავენ, რადგან ისინი მათ მშობლების მოკვლით ექმურებიან.

ერთ-ერთი მშობელი, რომლის შვილიც სწორედ აღნიშნულმა თამაშმა იმსხვერპლა, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს სხვა მშობლებისთვის, რათა მათ თავიანთი შვილები ინტერნეტთან სისტემატიურ კავშირს მოარიდონ:

“არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ინტერნეტი არის ბოროტება, თუმცა ბოროტმოქმედები მას იყენებენ სხვადასხვა საზარელი გეგმის განხორციელებისათვის! დღეს შემხვდა ქალბატონი და მისი შვილიშვილი. ასე 11 წლის ბიჭი. გამოველაპარაკე და ვუთხარი რომ არ ითამაშო სასტიკი თამაშები თქო. არაო, დამიდასტურა. შემდეგ მისმა ბებოს მითხრა არც კი ვიცით რა ვქნათო სულ კომპიუტერი და ტელეფონი უნდა და ეზოში ძალით ჩავიყვანეო.
როცა ეს მითხრა ვიგრძენი მისი უსუსრობა, თან უნდა რომ შვილიშვილს არ აწყენინოს და თან ხვდება რომ არ შეიძლება ბავშვი სულ იქ იყოს, ონლაინ რეალობაში.
ალბათ ბევრი მშობელია ამ დილემის წინაშე. არ ვაწყენინო… და შემდეგ ეს დაშვება -რა უჭირს ბავშვი ხომ მაინც სახლშია.
უმორჩილესად გთხოვთ, თუ საჭიროდ ჩათვლით აწყენინეთ თქვენს შვილებს და შეუზღუდეთ 24 საათიანი წვდომა ინტერნეტზე. კი გაბრაზდებიან, იტირებენ და შესაძლოა სხვა უფრო მძაფრი პროტესტიც გამოხატონ. მაგრამ იცოდეთ შესაძლოა თქვენი ამ გადაწყვეტილებით მათი სიცოცხლე გადაარჩინოთ.
მე მეშინოდა რომ ელეს, ჩემს შვილს არ ვაწყენინო თქო და დღეს ის აღარ არის ცოცხალი.
არამც და არამც არ ვამბობ რომ აუკრძალოდ, უბრალოდ შეზღუდეთ და უკეთ გააკონტროლეთ.

P.S. გთხოვთ, გაავრცელეთ და თქვენს მეგობრებსაც მოუყევით”- წერს სოციალურ ქსელში დაღუპული მოზარდის დედა.

“რუსთავი 2”-თან სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ბავშვების ასეთი „საშიში თამაშებისგან“ დაცვაზე არავინ ზრუნავს და აცხადებენ, რომ შესაბამისი პრევენციული მოქმედებები უნდა განხორციელდეს. განათლების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ პრევენციულ ღონისძიებებს ატარებენ, თუმცა, აღნიშნავენ, რომ პრობლემას მხოლოდ მათი ძალისხმევა ვერ უშველის.

არასრულწლოვნების თვითმკვლელობის საქმეებს სამართალდამცველები იძიებენ. „პოსტსკრიპტუმის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსია საშიში თამაშებია.

როგორც “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა აღნიშნა, ის ხმა, რომლითაც ბავშვებს ელაპარაკებიან და დავალებებს აძლევენ, არარეალურია, ის არ არსებობს და მათ კომპიუტერი ელაპარაკებათ. შესაბამისად, არარეალურია მუქარაც თამაშის შეწყვეტის შემთხვევაში, რითიც ბავშვებს აშინებენ.

აღნიშნული თამაში, საკმაოდ პოპულარულია სხვა ქვეყნებშიც. მაგალითად, რუსეთში, სადაც ბოლო მონაცემებით 130-ზე მეტმა ბავშვმა თავი მოიკლა. უკვე აფრთხილებენ არსებული თამაშების შესახებ დიდ ბრიტანეთსა და ინდოეთში, სადაც რუსული სოციალური ქსელების გარკვეული რაოდენობა საერთოდ დაიბლოკა.

იტვირთბა....