არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„სუს-ის გარეშე თბილისში ვერცერთი კანდიდატი ვერ ატარებს საარჩევნო კამპანიას“

ექსკლუზიური ინტერვიუ „შენების მოძრაობის“ მერობის კანდიდატ თენგიზ შერგილაშვილთან

 

„მეტრონომი“ აგრძელებს წინასაარჩევნო პერიოდში, მერობის კანდიდატებთან გასაუბრებას. შევეცდებით, მაქსიმალურად თანაბრად წარმოვაჩინოთ დედაქალაქის მერობის კანდიდატები და საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია თითოელ მათგანზე, მათ გეგმებზე და დაპირებებზე.

ამჯერად, ჩვენი სტუმარია „შენების მოძრაობის“ მერობის კანდიდატი თენგიზ შერგილაშვილი. ის 2012-2014 წლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე იყო. თანამდებობიდან ის მოქმედმა მინისტრმა ზურაბ ალავიძემ გაათავისუფლა.

„მეტრონომთან“ საუბრისას შერგილაშვილი აცხადებს, რომ ეს არჩევნები როგორც პოლიტიკური პარტიებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის ტესტი იქნება, რომელიც „ქართული ოცნების“ მმართველობის დასასრულის წინაპირობა გახდება. შერგილაშვილი იმ დაპირებებზე საუბრობს, რომელსაც მისი მერად გახდომის შემთხვევაში შეასრულებს.

„მეტრონომი“: როდის დაიწყებთ აქტიურ საარჩევნო კამპანიას და რა არის ის მთავარი დაპირებები, რომლის შესრულებასაც თქვენი მერად არჩევის შემთხვევაში თბილისელებს სთავაზობთ?

თენგიზ შერგილაშვილი: ჩვენს პარტიას საარჩევნო კამპანია ფაქტობრივად, დაწყებული აქვს. რამდენიმე დღის წინ გვქონდა მაჟორიტარების წარდგენა. ასევე კვირას ვგეგმავთ, რომ საექსპერტო ჯგუფებს შევხვდეთ. ვაპირებთ თბილისის მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს.

რაც შეეხება ჩვენს პროგრამას, ის უკვე გამოქვეყნდა. პროგრამაში მთავარი აქცენტები, ქალაქის მართვის სისტემაზე გვაქვს გაკეთებული. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახლანდელი თბილისის მერი არ არის მოსახლეობის პრობლემების მოგვარებით დაკავებული.

მისი ვერტიკალი მხოლოდ სახელმწიფო პირების კეთილდღეობაზეა მიმართული.

ასევე ვაპირებთ, ტრანსპორტის მოწესრიგებას, ქალაქის დაგეგმარებას, ეკოლოგიური პრობლემების მოგავრებას, ჯანდაცვის პირობების გაუმჯობესებას. ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რომელზეც ძირითად აქცენტებს გავაკეთებთ.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, თქვენი ლიდერი დავით უსუფაშვილი მმართველი გუნდის კანდიდატმა დიდი სხვაობით დაამარცხა. რატომ ხართ ახლა დარწმუნებული, რომ თბილისელების ნდობას მოიპოვებთ?

– თვითმმართველობის არჩევნებს წინა არჩევნებთან ნუ დავაკავშირებთ. ვიცით, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს, „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის პოლარიზაცია მოხდა. ეს არის ახალი პარტიის ფორმირების დასაწყისი.

ეს იქნება პოლიტიკაში სრულიად ახალი სახეების მოსვლა, რომელთა მთავარი მიზანი საპრეზიდენტო და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება იქნება. თვიმმართველობის არჩევნებში ახლა მხოლოდ თბილისში და რამოდენიმე მუნიციპალიტეტში წარვადგენთ ჩვენს კანდიდატებს.

– თქვენი კონკურენტი კანდიდატები, თბილისელებს ძირითადად „სითი პარკის“ პრობლემის მოგვარებას, გარე ვაჭრობის დარეგულირებას, უკანონო მშენებლობების შეჩერებას და ქალაქში არსებული ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებას პირდება. რას აპირებთ თქვენ?

– მივყვეთ თქვენს მიერ ჩამოთვლილ პრობლემებს. პირველ რიგში „სითი პარკზე“ მოგახსენებთ. ეს არის არა ამ კერძო კომპანიის პრობლემა, არამედ მერიის პრობლემაა.

„სითი პარკი“ არის ოპერატორი კომპანია, რომლის მთავარი მოვალეობა ოპერირებაა. პარკირების საკითხი მერიის კომპეტენციაა. ორივე ხელისუფლებას წინასაც და ახალანდელსაც ამ კუთხით უფრო მეტის გაკეთება შეეძლო. ყველაფრის გადაბრალება ამ კომპანიისთვის არასერიოზული მიდგომა მგონია.

– რა უნდა გაეკეთებინა ამ კუთხით თუნდაც ახლანდელ ხელისუფლებას?

– ახლანდელ ხელისუფლებას შეეძლო, რომ პარკირების ადგილები და რეგულირების წესები შეეცვალა. ყველაფერი ეს მერიის კომპეტენციაში შედის. ყველა კანდიდატი, ვინც ამ პასუხისმგებლობას „სითი პარკს“ კიდებს, უბრალოდ პოპულისტია.

იციან, რომ თბილისელებს ეს პრობლემა ძალიან მწვავედ აწუხებთ და ამით სარგებლობის ნახვას ცდილობენ. ფულის 60%-ი სინამდვილეში მერიაში შედის. ამ კომპანიას ძირითადად ორი ფუნქცია აკისრია, ეს არის თუ მანქანა არასწორ ადგილას დგას დააჯარიმოს და ავტომობილი საჯარიმოზე გადაიყვანოს. დღეს, რომ ნახევარი მილიონი მანქანა გვყავს და 33 ათასი ადგილია და არა მეტი, ამაზე პასუხისმგებელი მხოლოდ მერიაა. „სითი პარკის“ ვალდებულებაში ეს არ შედის. ამ სამ წელიწადში მერიაში 20 მილიონი შევიდა და პარკირების რამდენი ადგილი ააშენა?!

რაც შეეხება გარემოს და ეკოლოგიურ პრობლემებს. ქალაქში პირველი პრობლემა რაც მოსაგვარებელია, ტრანსპორტის ქაოსური მოძრაობაა, რაც დედაქალაქში საცობებს ქმნის. ამიტომ, აუცილებელია ტაქსების რეგულაციების შემოღება.

უნდა ვიცოდეთ თბილისში რამდენი ტაქსი დადის. როცა ქალაქი გადავსებულია, ტრანსპორტის მოძრაობაზე გარკვეული განრიგი უნდა დავაწესოთ – მიკროავტობუსების მოძრაობა, რომელიც ქალაქში ხშირად გადაადგილების შეფერხების მთავარი მიზეზია. ხშირ შემთხვევაში პარალელურად ავტობუსები და სამარშუტო ტაქსები ერთ ვიწრო ქუჩაზე მოძრაობენ.

ამიტომ, ასეთი მიკროავტობუსების მოძრაობა, უფრო მოკლე მანძილზე უნდა ხდებოდეს. ზოგან საერთოდ არ უნდა მოძრაობდეს და მათი ჩანაცვლება ალტერნატიური ტრანსპორტით უნდა მოხდეს. ჯამში, ამ ახალი სატრანსპორტო სქემით, ქალაქი საზოგადობერივი ტრანსპორტით უნდა დაიტვირთოს.

გარევაჭრობის პრობლემაც აუცილებლად დასარეგულირებულია. უნდა არსებობდეს სპეციალურად გამოყოფილი ადგილები სადაც ისინი მუშაობას შეძლებენ. თბილისში არ არსებობს ასეთი რეგულირების წესები.

– ელით თუ არა მეორე ტურს? თუ თქვენ ვერ გადახვედით, რომელ ოპოზიციურ პარტიას დაუჭერთ მხარს?

– ვფიქრობ, რომ მეორე ტური იქნება, ამას ყველა კვლევა აჩვენებს. ხოლო ჩვენ, რომელ კანდიდატს დავუჭერთ მხარს, ამას 22 ოქტომბერს გეტყვით.

– მმართველი გუნდის კანდიდატი კახი კალაძე ასე არ ფიქრობს. ის ამბობს, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვებს. როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია მისი შანსები?

– ხელისუფლებამ, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში, ტოტალიტარული გზით მიდის. როდესაც ისინი ხედავენ რომ 30%-ზე მეტს ვერ აიღებენ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას იწყებენ. სუს-ი პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად არის ჩართული, ახლა არჩევნებისთვის მითუმეტეს, ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში საკუთარი აგენტები ჰყავთ.

– შეგიძლიათ კონკრეტულად გვითხრათ ამ კუთხით რა ტენდენციები შეიმჩნევა?

– გარკვეული ზეგავლენა მოსახლეობაზე. კორპუსებისა და უბნების მიხედვით ხალხს ამუშავებენ. საჯარო დაწესებულების თანამშრომლების კონტროლი და ფსიქოლოგიური ზეწოლა. ეს არის ჩვეულებრივი ნაცადი ხერხი. თბილისში ვერცერთი კანდიდატი ვერ ატარებს საარჩევნო კამპანიას და მოსახლეობაში შეხვედრას სუს-ის თანამშრომლების ზედამხედველობის გარეშე. ეს ჩემ შეხვედრებზე შემიმჩნევია.

– თვითმმართველობის არჩევნებზე, ქართველი ხალხის მხრიდან რა სახის პოლიტიკური ტესტის ჩაბარება იქნება საჭირო. ამ არჩევნებით პოლიტიკური პარტიები რა დასკვნის გამოტანას შეძლებენ?

– შარშანდელი არჩევნებისგან განსხვავებით, „ქართული ოცნება“ მიშას შესაძლო ჩამოსვლით მოსახლეობას ვეღარ შეაშინებს. მგონია, რომ მოქალაქეების არჩევანი ახლა უფრო მრავალფეროვანი იქნება. ამ არჩევნებით, ერთი დიდი ეტაპი დასრულდება, რომელიც 2012 წელს დაიწყო. ამის შემდეგ საზოგადოებას პოსტოცნებისტურ პერიოდთან დამშვიდობების არჩევნები იქნება.

 

ავტორი: ელზა პაპოშვილი

იტვირთბა....