ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა ისევ გამოსცადა. მან მეორედ გადაუფრინა იაპონიას – ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ წერს.
გამოცემის ცნობით, იაპონიის მთავრობამ მოსახლეობას მოუწოდა, რომ გარეთ გასვლისკენ თავი შეიკავონ.
ინფორმაცია იაპონიის მთავრობის ცნობით, რაკეტამ ჯერ კუნძულ ჰოკაიდოს გადაუფრინა, შემდეგ კი წყნარ ოკეანეში ჩავარდა. მათი ინფორმაციით, ფხენიანიდან გაშვებულმა რაკეტის სიმაღლემ 770 კილომეტრს მიაღწია და მან წყნარ ოკეანეში ჩამოვარდნამდე 3700 კილომეტრი იფრინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეამ შედეგი გააუმჯობესა.
შეგახსენებთ, ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა იაპონიის მიმართულებით სულ რაღაც, 29 აგვისტოსაც გამოსცადა.
ჩრდილოეთ კორეიდან რაკეტის გაშვებიდან რამდენიმე წუთში, იაპონიაში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა. იაპონიის მთავრობა ამ საკითხთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის დანიშვნას ითხოვს. ფხენიანში კი აცხადებენ, რომ ვერანაირი სამხედრო ზეწოლა ვერ აიძულებს ქვეყანას, რომ ბირთვული იარაღის შემუშავებისა და ბალისტიკური რაკეტების გამოცდაზე უარი თქვას.
„თუ შეერთებული შტატები არ გაითვალისწინებს ჩვენს გულწრფელ რჩევებს, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ჩვენს მიერ თავდაცვითი ნაბიჯების გადადგმა გაძლიერდება”,– აცხადებენ ფხენიანში.