აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

პირადი ნაცნობობით აღდგენილი მართვის მოწმობა: HUB Georgia მოქმედ კანონს აპროტესტებს

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ ძალიან ბუნდოვანია ის კრიტერიუმები, რომლითაც საპატრულო პოლიცია კანონდამრღვევს მართვის მოწმობას უბრუნებს

არასამთავრობო ორგანიზაციები ნასვამი მძღოლისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევიდან სამ თვეში, მართვის უფლების დაბრუნების შესაძლებლობას და მეთოდს აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ არსებული კანონი ზედმეტად ლმობიერია ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლებისთვის.

ახალი კანონის თანახმად, რომელიც ივლისში ამოქმედდა, ნასვამ მძღოლებს ავტომობილის მართვის უფლებას ექვსი თვით უკრძალავს. ხოლო, თუ მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში პირველად დააფიქსირეს, მას შეუძლია სამი თვის შემდეგ 1 000-ლარიანი ჯარიმა გადაიხადოს, ან ხელახალი გამოცდა ჩააბაროს და მართვის მოწმობა დაიბრუნოს.

ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმის, არასამთავრობო ორგანიზაციის “HUB Georgia”-ს წარმომადგენელი ვასო ურუშაძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ დღეს არსებული პრაქტიკა სამწუხაროდ, უშვებს შემდეგს, რომ თუ მძღოლი შსს-ს ინსპექტორმა დააჯარიმა იმის გამო, რომ ის არაფხიზელ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალებას მართავს, საპატრულო პოლიცია, მინისტრის ბრძანებით უშვებს გამონაკლისს და დროზე ადრე აძლევს შესაძლებლობას დაიბრუნოს მართვის მოწმობა.

ურუშაძე აღნიშნავს, რომ როდესაც მისი ორგანიზაცია შსს-სთან ერთად საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სტრატეგიაზე მუშაობდა, მისი ინიციატივა იყო, რომ ყველასთვის ერთიანი სტანდარტი დაწესებულიყო და კანონი ასეთი ლმობიერი არ ყოფილიყო იმ მძღოლების მიმართ, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში მართავენ ავტომობილს. გარდა ამისა, მისი თქმით, როცა კანონდამრღვევი მძღოლი სამი თვის შემდეგ განცხადებით მიმართავს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ამ უკანასკნელს შეუძლია გადაწყვიტოს დაუბრუნოს თუ არა დროზე ადრე პირს მართვის მოწმობა. ურუშაძე ამბობს, რომ სწორედ ეს კრიტერიუმები, რომლითაც დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირს მართვის უფლებას ისევ ანიჭებს, ბუნდოვანია:

„დღეს არსებული პრაქტიკა სამწუხაროდ, უშვებს შემდეგს, რომ თუ მძღოლი შსს-ს ინსპექტორმა დააჯარიმა იმის გამო, რომ ის არაფხიზელ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალებას მართავდა, საპატრულო პოლიცია მინისტრის ბრძანებით, უშვებს გამონაკლისს და დროზე ადრე აძლევს შესაძლებლობას დაიბრუნოს მართვის მოწმობა. სამი თვის შემდეგ, როცა მართვის მოწმობა 6 თვით უჩერდებათ, მას შეუძლია 3 თვის შემდეგ განცხადებით მიმართოს დეპარტამენტის ხელმძღვანელს და მას შეუძლია გადაწყვიტოს დაუბრუნოს თუ არა დროზე ადრე მართვის მოწმობა. სამწუხაროდ, ეს ხშირად გამოიყენება პირადი ნაცნობობით, ნათესაობით, მეგობრობით და ა.შ.  რეალურად, ძალიან რთულია გავაკონტროლოთ ის ფაქტი, თუ რა კრიტერიუმებით უნდა დაუბრუნდეს კონკრეტულ პირს დროზე ადრე მართვის მოწმობა“- უთხრა „მეტრონომს“ ვასო ურუშაძემ.

მისი თქმით, მოქალაქე, რომელიც ავტომანქანას ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მართავს, საკმაოდ მძიმე დანაშაულს სჩადის და ასეთ პირებს არ უნდა მიეცეთ საშუალება მარტივად აღიდგინონ მართვის მოწმობა. გარდა ამისა, ურუშაძის თქმით, ორგანიზაციის ინიციატივა იყო, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მძღოლს 1 წლით ჩამორთმეოდა მართვის მოწმობა:

„ჩვენი პოზიცია იყო, რომ ეს გამონაკლისი არ ყოფილიყო და ყველასთვის ერთიანი სტანდარტი დაწესებულიყო. ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მისი მართვა საკმაოდ მძიმე დანაშაულია. იმიტომ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების დიდი ნაწილი მიუთითებს მძღოლების დაუდევრობაზე. იმაზე, რომ მძღოლები ხშირად არღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს და მაპროვოცირებელი მიზეზი ხშირად არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი ხდება, რომელიც მართავს ავტომობილს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვითხოვით, რომ როგორც ქულების ამოწურვის შემთხვევაში, პირს ერთი წლით უჩერდება მართვის უფლება, ასევე ყოფილიყო ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლებისთვისაც, რომ თუ ის მართავს ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში, შეჩერებოდა მასაც მართვის მოწმობა 1 წლით. მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, თუ ეს დასაშვები იქნებოდა, მინიმალური ვადა იქნებოდა 6 თვე და ისიც გამოცდის ხელახალი ჩაბარების შემთხვევაში“ – აღნიშნა ურუშაძემ „მეტრონომთან“.

არასამთავრობო ორგანიზაციის “HUB Georgia”-ს წარმომადგენელი ამბობს, რომ ძალიან ბუნდოვანია ის კრიტერიუმები, რომლითაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი კანონდამრღვევ პირს მართვის მოწმობას უბრუნებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგზაო მოძრაობის წესების შესახებ, ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, 2 თვეში იმაზე მეტ ნასვამ მძღოლს ჩამოერთვა მართვის მოწმობა, ვიდრე კანონის ამოქმედებამდე, რაც საპატრულო პოლიციის ადმინისტრირების გამკაცრებამ გამოიწვია. მათ შორის, თბილისში მართვის მოწმობის გარეშე 836 მძოლი დარჩა, შემდეგ ლიდერობს აჭარა, სადაც მოწმობა 503 მოქალაქეს ჩამოართვეს და ქვემო ქართლი, სადაც მართვის უფლება 368 მძღოლს შეუჩერდა.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....