ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

თხილი 2 ლარად: “მალე თხილსაც ჩაივით აჩეხავს ხალხი”

ერთი კილოგრამი თხილის ფასი 2 ლარამდე დაეცა, რასაც გურიის მოსახლეობა ტრაგიკულად აღიქვამს და ამბობს, რომ ერთადერთი კულტურა, რომელმაც საკუთარი თავი თავადვე დაიმკვიდრა და გლეხობისთვის ლუკმაპურის იმედია, მალე ჩაის ბედს გაიზიარებს.

“საშველი არ არის _ მაფია და მავნებლები თანაბარი შემართებით გვიტევენ. ვინ იცის, იქნებ, ერთმა მოიზიდა მეორე ან ბუნების რისხვაა. ყოველ შემთხვევაში, კრიტიკულ ზღვარზე მივიდა თხილის ყოფნა-არყოფნის საკითხი და მალე, დარწმუნებული ვართ, ხალხი ისევე აჩეხავს მას, როგორც ჩაი ამოძირკვეს საქართველოში”, _ გვეუბნებიან ოზურგეთის თხილის ბაზარზე თხილის ჩასაბარებლად თუ ფასის გასაგებად მოსული მოქალაქეები: მანანა ქიქოძე, ვაჟა სალუქვაძე, მარინა კაპანაძე, ნორა სალია.

ოზურგეთის თხილის მიმღებ პუნქტებში, ბოლო ოცი წლის მანძილზე რომ აბრებიც არ შეცვლილა და არც მიღება-ჩაბარების მეთოდი და ლექსიკა, უკვე ვწერდით. სიახლედ თუ ჩავთვლით, ახლახან გამოჩნდა პატარა ხის ჩაქუჩიანი ხისავე დაფა, თხილის ზომის ღრმულებით ამოტვიფრული, რომელშიც თხილს აწყობენ და ტეხენ. ათი ცალი თხილიდან თუ ოთხი უვარგისი აღმოჩნდება, თხილი პატრონს უბრუნდება და არანაირ ფასში არ იბარებენ. თუ ორი ან სამი ცალია უვარგისი, შეხედულების მიხედვით, კილოგრამი ორი ან ორლარნახევარი ღირს.

“რა დავაშავე, რომ 200 კილომდე თხილი უკან მიმაქვს? მოვუარე, შევწამლე, მოვკრიფე, ჩამოვიტანე და გატეხვის შემდეგ მეუბნებიან, რომ უვარგისია. შეწამლეთო და შევწამლეთ, თუმცა, ეს შეწამვლა რომ დროულად მომხდარიყო, საშველი იქნებოდა, მგონი. მაშინ დაიწყეს შეწამვლა, როცა ვადები დამთავრებული იყო. მთავრობა იმიტომ გვყავს, რომ დროულად დაეხმაროს საცოდავ გლეხკაცს. გვაქცევს ვინმე ყურადღებას ისე, როგორც საჭიროა?” _ გვეუბნება ოზურგეთში ლანჩხუთიდან თხილის ჩასაბარებლად ჩამოსული, სოფელ ნინოშვილის მკვიდრი მაყვალა ღლონტი და გაბრაზებული, თხილით სავსე ტომრებს მანქანის საბარგულში ალაგებს, _ რამ წამომიყვანა დღეს აქ ან ეს თხილი რამ მომაკრეფინაო.

გასაყიდად წამოღებული თხილი უკან მიაქვს დაბალი ფასის გამო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრ შაქრო სალიას: “წამოვიღე საუკეთესო ხარისხის თხილი, მაგრამ ფასი არ აქვს. ყველაფერი მთავრობის და მავნებლის ბრალია? შეხედე, აგერ, რას ჰგავს მიღებული თხილი, თავიდან არჩევენ. ნაგავს და ნაფოტს რომ ურევ შიგ, ვინ მოგცემს კარგ ფასს? ჩემს საქმესაც რომ აფუჭებ, ვინ ხარ? თხილი რომ გაქვს, იმასთან ერთად ნამუსიც უნდა გქონდეს კაცს, თორემ სულ ასეთ დღეში ვიქნებით. შეწამვლა რომ დაგვიანდა, ეს კიდევ სხვა პრობლემაა”, _ ამბობს ის.

თხილის მიმღები ნონა ქურციკიძე წუხს, რომ უხარისხო თხილის გამო, ყველა ერთნაირად ზარალდება და წლევანდელი სეზონი ყველაზე ძნელბედობის ჟამს დაემსგავსა, როცა დაბნელებულ წლებში თხილის ფასი ისე იყო დაცემული, რომ ხალხი ამჯობინებდა, სიმწრით მოწეული მოსავალი ღორისთვის ეჭმია:

“ვტეხთ ათ ცალ თხილს. თუ შვიდი ვარგისია, ერთ კილოგრამს ორლარნახევრად ვიბარებ, თუ უვარგისი და კარგი თანაბარია, ანუ 5/5-ზე, მაშინ ლარნახევრად თუ ჩავიბარებთ, მაგრამ ეს როგორ შევთავაზოთ ადამიანს? თუ თვითონ ჩააბარებს, მისი ნებაა”, _ გვეუბნება ნონა ქურციკიძე და ბევრის მსგავსად, წლევანდელი ცუდი მოსავლის მთავარ მიზეზად, თხილის პლანტაციების დაგვიანებულ წამლობას მიიჩნევს: “მთავრობის მხრიდან მეტი ყურადღებაა საჭირო. არ უშველა დაგვიანებულმა მკურნალობამ თხილს. ივნისში ვინ წამლავს, როცა ადრე გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო ეს ყველაფერი? დროულად გაკეთებული საქმეა შედეგიანი, თორემ დაგვიანებული მკურნალობა დიდად არ ამართლებს”.

“ხელისუფლება გამოვიდეს გარეთ, მთავრობამ მიხედოს თხილის საქმეს ისე, როგორც არჩევნების დროს გამოდიან მთელი მონდომებით და ყველაფერს კადრულობენ ან ბოლომდე იხარჯებიან, რომ როგორმე ხმები მიიღონ. აი, ასე ბოლო კაკალი თხილი რომ მივიღოთ ხარისხიანი და კარგი, ამაში დაგვეხმარონ. ქალი წაიქცა, თხილის ჩაბარებაზე უარი რომ ვუთხარი. თურმე, დიაბეტით ყოფილა დაავადებული და ცუდად გახდა, სახლში პური რით წავიღოო. ავდექი და 5 ლარი მივეცი. რა მექნა? ყველამ იცის აქ ეს ამბავი, დამემოწმებიან. ძალიან კარგად იცის ხელისუფლებამ, როგორ უნდა მოიქცეს, რა სახის დახმარება სჭირდება გლეხკაცს,” _ გვითხრა სასტუმრო “გურიას” ტერიტორიაზე განთავსებული ერთ-ერთი მიმღები პუნქტის მეპატრონემ, რომელმაც უარი განაცხადა ვინაობის დასახელებაზე.

“აპრილიდან რომ დაწყებულიყო თხილის შეწამვლა და საერთოდ, დროულად და წესიერად იწამლებოდეს თხილის პლანტაციები, ეს ამბავი არ იქნებოდა. დღეს უკვე ბევრი თხილის აჭრაზე საუბრობს. აგერ ნახავთ, თუ ისევე არ აჩეხავენ, როგორც ჩაი ამოძირკვეს. დღეს 2 ლარადაც რომ აღარ იბარებენ თხილს, ვის რად უნდა ასეთი კულტურა. ათეული წლების წინ თუ 50 თეთრი ან 1 ლარი ღირდა კილოგრამი თხილი, უარს მაინც არავის ეუბნებოდნენ ჩაბარებაზე. ახლა კი ხედავთ, ავსებული ტომრები უკან გავატანეთ ხალხს. რომელიც ჩავიბარეთ, სამ ტომარა თხილში რომ 75 ლარი მოუწია, იყვირა ქალმა, მუშების გასასტუმრებლად არ მყოფნისო. გააშენებს და მოკრეფს ამის შემდეგ ადამიანი თხილს? მეტი ყურადღება უნდა ხელისუფლებისგან გლეხს. თუ გინდა, თხილმა ივარგოს, ახლა რომ დამთავრდება მოსავლის აღება, მაშინვე უნდა დაიწყოს ყველანაირი შეწამვლა და გაზაფხულის ბოლომდე დამთავრდეს. აი, მაშინ იქნება შედეგი”, _ გვეუბნება თხილის მიმღები გიორგი ნაკაშიძე.

ჩოხატაურელი ქეთინო ბერაძე ამბობს, რომ გადარჩეული და გარეგნულად საუკეთესო თხილი მოიტანა, თუმცა, გული უმეტესობას დაობებული აღმოაჩნდა და უკან დაუბრუნეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთის მკვიდრი გივი გოგუაძე ამბობს, რომ საკუთარი ინიციატივით შეწამლა თხილის პლანტაცია, როგორც ნაცარზე, ისე სიდამპლის წინააღმდეგ. მავნებლის საწინააღმდეგო შეწამვლისას კი სამთავრობო ღონისძიებით გათვალისწინებულ ფორმაზე უარი არ უთქვამს. ამიტომაც მიაჩნია, რომ წელს თხილის ძალზე ხარისხიანი მოსავალი აქვს. მიმღებ პუნქტშიც კილოგრამ თხილში სამი ლარი გადაუხადეს. თუმცა, ზოგადად, ხალხი ასეთ ღირებულებასაც სამართლიანად მიიჩნევს.

ანალოგიური შედეგი მიიღო დაბა ლაითურში თხილის კერძო მესაკუთრემ, სადაც ძალიან კარგი ხარისხის თხილი ოთხჯერადი შეწამვლის შემდეგ მოკრიფეს.

ჩოხატაურის მკვიდრი უჩა სიხარულიძე ამბობს, რომ სამ ტონამდე მოსავალს იწევს: “წელს დაგვიანებულმა შეწამვლამ არანაირი შედეგი არ გამოიღო და ამიტომაც არის უმეტესად ცუდი მოსავალი. მარტო მოვალეობის მოხდა არ კმარა _ მეტი ყურადღება სჭირდება გლეხკაცს”, _ ამბობს ის.

“წესიერი შეწამვლა უნდა თხილს, გლეხკაცს სჭირდება დახმარება. მთავრობა საკუთარ თავს ეხმარება ყველაზე კარგად! ამდენ ხანს ეს პრობლემა მოგვარებული უნდა იყოს, მაგრამ ვის ადარდებს ხალხი? ოთხჯერ და ხუთჯერ შეწამვლა რომ უნდა, იმას ფული უნდა, ტყუილად ვინ მოგცემს? აქვს კი გლეხს ამდენი სახსრები, რომ ოთხჯერ შეწამლოს თხილის პლანტაციები?” _ ამბობს ოზურგეთელი გურამ ჯოჯუა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსი გიგა ხარაბაძე “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ “თხილზე მარტივად საუბარი არ შეიძლება”: “ამ კულტურას აქვს, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი თვისებები და ამავე დროს, თხილის ქარხნებთან საკონტრაქტო ფასები წელს გაცილებით დაბალია _ 5 დოლარი, ვიდრე შარშან იყო _ 7 დოლარი. ამას აქვს თავისი გამომწვევი მიზეზები, რაზეც უახლოეს პერიოდში გესაუბრებით”, _ გვითხრა მან და ბოდიში მოგვიხადა იმის გამო, რომ “ახლა საქმეზეა გასული და სამსახურში არ იმყოფება”.

მცენარეთა დაცვის გურიის რეგიონულ სამსახურში, გამოცდილმა სპეციალისტმა მადონა ჩიტაიშვილმა “გურია ნიუსთან” ისაუბრა უამრავ თანმხლებ პრობლემაზე, რაც თხილის კულტუ რას უკავშირდება და უარყო აზრი იმის თაობაზე, რომ წლევანდელი ცუდი მოსავალი დაგვიანებული წამლობის ბრალია:

წელს შეწამვლა კი არ დაგვიანებულა, მავნებელი გამოვიდა დაგვიანებით, არახელსაყრელი, ცუდი პირობების გამო. გამოსვლის შემდეგ კი, უკვე მეორე წამლობის ჩატარება შეუძლებელი იყო, რადგან 21-დღიანი ინტერვალი სჭირდება აღნიშნულ პროცესს. რაც შეეხება აზიურ ფაროსანას, რომლის საწინააღმდეგო შეწამვლაც მოხდა, მხოლოდ ეს მავნებელი არ ანადგურებს თხილს. თხილი აღარ ემორჩილება იმ მამაპაპურ ტექნოლოგიებს, რაც ადრე იყო. ექვსჯერ შეწამვლაც სჭირდება, რომ ხარისხიანი თხილი მივიღოთ. კერძო პირმა თავადაც უნდა იზრუნოს საკუთარ პლანტაციაზე. რატომღაც არავინ ამბობს ხშირად: “მე შევწამლავ, მე ვუპატრონებ”; იმას გეუბნებიან: “მოდი და შეწამლე”. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ. გარემო პირობები, ბუნებაც შეცვლილია და თხილის აჭრაზე საუბარს, წამლობის გაუმჯობესება და მეტი გულისხმიერებით მოვლაზე საუბარი სჯობს. მთელი ციკლია თხილის მოვლისა, რომელსაც თუ სრულად არ დავიცავთ, მივიღებთ იმ შედეგს, რაც მივიღეთ.

ისმის კითხვები, რომელსაც ვერავინ უპასუხებს. მაგალითად, სანამ შეწამვლა დაიწყებოდა, ოპერატიულად ავრცელებდნენ ხმებს, რომ პირუტყვიან-ფრინველიანად ყველაფერი დაეხოცებოდათ ამ წამლით და სულ მშიერი დარჩებოდნენ. დღესაც ამბობენ, რომ თითქოს, იმ შეწამვლამ იმოქმედა უარყოფითად და მოსავალიც ამიტომაა უხარისხო. დავიჯეროთ, რომ თხილი აღარ ემორჩილება იმ მამაპაპურ ტექნოლოგიებს, რაც ადრე იყო. ამიტომ უნდა ავამოქმედოთ ჩვენი შესაძლებლობები სრულად, რომ გადავარჩინოთ ეს კულტურა და აქედან გამომდინარე, თავი გადავირჩინოთ. კარგა ხანია ვამბობთ, რომ თხილის მდგომარეობა საგანგაშო გახდებოდა და აი, შედეგიც. უკეთ უნდა მოვუაროთ, მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ!” _ გვითხრა მადონა ჩიტაიშვილმა.

წყარო: gurianews.com

იტვირთბა....