საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე რუსეთის შეიარაღებული ძალების წვრთნებს ეხმაურება. შტაბის უფროსის თქმით,
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო სწავლება არაკონსტიტუციურია და საერთაშორისო სამართლით დადგენილ ნორმებს ეწინააღმდეგება. ჩაჩიბაიას ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე წვრთნებში 2 ათასი სამხედრო მოსამსახურე და 300 სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს.
„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 49-ე არმიამ სასწავლო მზადყოფნა გამოაცხადა. სწავლებებში ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული მე-7 ბაზაც ჩართულია. სასწავლო განგაშია გამოცხადებული. წვრთნებში 2 ათასი სამხედრო მოსამსახურე და 300 სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს. აღნიშნული სწავლება პირადი შემადგენლობის საბრძოლო დონის შემოწმებას ემსახურება. ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე სწავლება არაკონსტიტუციურია. ამასთან, საერთაშორისო სამართლის ნორმები ირღვევა და რა თქმა უნდა, საფრთხის შემცველია”, – განაცხადა ჩაჩიბაიამ.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შეიარაღებული ძალების წვრთნები 25 აგვისტოს დაიწყო. სამხრეთის სამხედრო ოლქის პოლკოვნიკის ინფორმაციით, წვრთნებში 3 000 ჯარისკაცი და 700 ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს. სამხედროები სპეციალური აღჭურვილობისა და ტექნიკის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის უნარებში ვარჯიშობენ. რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების თქმით, მსგავსი გეგმური სწავლება აფხაზეთში მდებარე ბაზაზე რეგულარულად იმართება.