საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და მასთან ერთად თანხმლებ პირებს, 10 სექტემბერს უკრაინა-პოლონეთის საზღვრის უკანონო გარღვევის საქმეზე კიდევ ერთი მუხლი დაემატა. მათ უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 296-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალსიწინებული ბრალი წარედგინათ, რაც ხულიგნობას გულისხმობს. ამის შესახებ, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ლვოვის ოლქის პოლიციის კომუნიკაციების განყოფილების წარმომადგენელმა განაცხადა.
ამასთან, შეგინის გამშვებ პუნქტზე საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმეს ლვოვის პოლიციის საფუძველზე შექმნილი გაერთიანებული საგამოძიებო ჯგუფი გამოიძიებს.
„უკრაინასკაია პრავდა“ წერს, რომ 12 სექტემბერს ლვოვის ოლქის პოლიციამ საზღვრის გარღვევის ბრალდებით, ხუთი მონაწილე დააკავა. მიმდინარეობს 10 სექტემბერს მომხდარი შემთხვევის მონაწილეებისა და თვითმხილველების დაკითხვა. დაკავებული პირების წინააღმდეგ კი გამოძიება ხუთი მუხლით მიიმდინარეობს, მათ შორის საზოგადოებრივი წესრიგის ჯგუფური დარღვევა. ამას გარდა, პოლიციამ დაადგინა „საზღვრის გარღვევის ექვსი შესაძლო ორგანიზატორისა და 32 აქტიური მონაწილის ვინაობა.
მანამდე, პოლიცია შეგინის გამშვებ პუნქტზე საზღვრის გადაკვეთის საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით იძიებდა: 332-ე მუხლის პირველი ნაწილი – უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე პირთა უკანონო გადაყვანა); 342-ე მუხლის მეორე ნაწილი – ხელისუფლების წარმომადგენლისთვის, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა; 345-ე მუხლის მეოთხე ნაწილი – სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიმართ მუქარა ან ძალადობა; 293-ე მუხლი – საზოგადოებივი წესრიგის ჯგუფური დარღვევა.
შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა. ერთი თვის წინ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.