საქართველოს პროკურატურამ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, ბავშვის მიმართ ჩადენილ სქესობრივი ხასიათის დანაშაულებთან დაკავშირებით ძებნილი ბ.მ.-ს ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ უზბეკეთისა და ისრაელის მოქალაქე ბ.მ. ნიუ-იორკში ჩადენილი დანაშაულისთვის 2012 წლიდან იძებნებოდა და იგი ქართველმა სამართალდამცველებმა აშშ-ს კომპეტენტური ორგანოების თხოვნის საფუძველზე საქართველოში, ქ.თბილისში, 2016 წლის დეკემბერში დააკავეს. საქართველოს მხარის მიერ ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით ბ.მ.-ს ექსტრადიცია მიმდინარე წლის 8 სექტემბერს განხორციელდა და იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში სასამართლოს წინაშე წარდგება.
ბ.მ.-ს ექსტრადირება საქართველოს პროკურატურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სამართალდაცვით სფეროში მყარი თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა. ამერიკა და საქართველო აქტიურად აგრძელებენ თანამშრომლობას კანონის უზენაესობის დაცვისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.