ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“სააკაშვილი ეგრევე კიევისკენ უნდა დაძრულიყო”: უკრაინელი პოლიტოლოგი ახალ მაიდანზე საუბრობს

ცნობილმა უკრაინელმა პოლიტოლოგმა ვლადიმერ ფესენკომ, ტელეარხ “კანალ 24”-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხება.

მისი თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ უკრაიინის პრეზიდენტს, პეტრ პოროშენკოს თანამოაზრეები მდგომარეობიდან გამოსავალის რამდენიმე ვარიანტს სთავაზობენ. ერთ-ერთი არის ყველაზე რბილი მიდგომა, რომ პრეზიდენტმა უნდა აიღოს პაუზა, ჩააწყნაროს სიტუაცია და შემდეგ გადავიდეს “შეტევაზე”.

“ჯერჯერობით, სააკაშვილის ირგვლივ, მის გუნდში არის ემოციური ტალღა და ეიფორია. საჭიროა დაეცეს ეს ემოციური ტალღა და მერე უნდა იქნას მიღებული რაიმე გადაწყვეტილება, რათა დაიწყოს შესაბამისი ქმედებები. – ამბობს ექსპერტი.

მისი თქმით, ხელისუფლებამ აირჩია სწორი ტაქტიკა იმ პერსონების მიმართ, რომლებიც დაეხმარნენ სააკაშვილს გადმოელახა საზღვარი. ეს სწორი სახელმწიფოებრივი მიდგომაა. თუმცა, ნებისმიერი კანონდარღვევა დასჯილი ხომ უნდა იყოს? წინააღმდეგ შემთხვევაში, ექსპერტის აზრით, დაიწყება ქაოსი და ანარქია, ჩამოშლას დაიწყებენ ინსტიტუტები პოლიტიკური თვალსაზრისით… ამასთან, ფესენკო ამბობს, რომ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხის განხილვა და პერსპექტივა ისევ ძალაში რჩება.

“ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სააკაშვილის ასეთი შემოსვლა არ უგულებელყოფს ახალი მაიდნის პერსპექტივას, მაგრამ სააკაშვილს არ ჰყავს მრავალრიცხოვანი მხარდამჭერები და არც ტიმოშენკოს აქვს იმდენი ფინანსური რესურსი, რომ ეს განხორცილედეს. ისინი მზად არ არიან დღეს, რომ მოაწყონ ახალი მაიდანი” – ამბობს ფესენკო.

“მას და მის გუნდს უნდა ემოქმედა მყისიერად. სააკაშვილმა გამოარღვია თუ არა საზღვარი, ემოციურ ფონზე, ეგრევე კიევისკენ უნდა დაძრულიყო და დაეწყო მიტინგები. ახლა ტემპი დავარდა. შესაბამისი ემოცია და ყურადღება ნელ-ნელა დაეცემა. თუმცა, შემდეგი პლენარული სხდომისთვის, შესაძლებელია მოეწყოს გამოსვლები, მაგრამ რა გამოვა, რთული სათქმელია. მაიდნის მოსაწყობად სერიოზული მომზადებაა საჭირო” – აცხადებს ექსპერტი.

მისი თქმით, სააკაშვილისთვის ახლა, მთავარი გამოწვევა ის არის, დაანახოს ხელისუფლებას, რომ მას არ წაუგია. ხელისუფლება, თავის მხრივ, შეეცდება შეახსენოს მას, რომ საქმე გვაქვს კანონდარღვევასთან, რომელიც დასჯადია.

“მაგრამ არც ერთ მხარეს არ აქვს საკმარისი პოტენციალი საბოლოო გამარჯვების მისაღწევად. ხელისუფლებას არ შეეძლო არ შემოეშვა სააკაშვილი იმის გამო, რომ თავიდან აეცილებინა ნებისმიერი სახის მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისი. თუმცა, არც სააკაშვილს და მის გუნდს აქვს საკმარისი რესურსი გადავიდეს გადამწყვეტ შეტევაზე” – განაცხადა პოლიტოლოგმა.

შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა.  ერთი თვის წინ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.

იტვირთბა....