შინაგან საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი არტემ შევჩენკო, გავრცელებულ ცნობებს, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის აქტივისტების მასობრივად დაპატიმრების შესახებ, აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, საგამოძიებო ღონისძიებების გატარების მიზნით, პოლიციის განყოფილებაში მხოლოდ ორი პირი გადაიყვანეს.
რაც შეეხება ამერიკელი დოკუმენტალისტების დაკავებას, რის შესახებაც სააკაშვილმა განაცხადა, ის ამბობს რომ იფორმაციას არ ფლობს და ამაზე ზუსტ პასუხს ვერ გასცემს.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს კოლეგიის წევრ ანტონ გერაშენკოს განცხადებით, კი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის ერთ-ერთი მომხრე მესაზღვრის მიმართ ძალის გამოყენების გამო აიყვანეს. გერაშენკო ამის დამადასტურებელ ვიდეომასალასაც ავრცელებს და აცხადებს რომ დავით საყვარელიძის განცხადება როგორც ყოველთვის, სიცრუეა.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს კოლეგიის წევრი „ფეისბუქზე“ ავრცელებს ფოტომასალას, სადაც საქართველოში 2011 წლის 26 მაისის მოვლენებია ასახული. გერაშენკო სააკაშვილს ტირანს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მისი მეთოდები არაფრით განსხვავდებოდა იანუკოვიჩის მეთოდებისგან.
მისივე თქმით, საქართველოში სააკაშვილის მმართველობა დაფუძნებული იყო მუდმივ ტყუილსა და ძალადობაზე.
მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი და უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს, რომ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქტივისტების რეპრესიები და მასობრივი დაკავებები დაიწყო. მისი თქმით, ჩერკასში მათი აქტივისტი ანდრეი კოტიჩენკო დააკავეს. ის იმ ადამაინებს შორის იყო, რომლებმაც სააკაშვილთან ერთად უკრაინის საზღვარი გადალახეს.
შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა. ერთი თვის წინ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.