საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის უკრაინაში ხელისუფლების შეცვლის ლეგალურ მექანიზმს შექმნის. ეს განცხადება, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
მიხეილ სააკაშვილმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეიდან დაიწყებს შეხვედრებს რეგიონებში, შეხვდება ხალხს და შეკრებს იმ პრობლემებს, რომელიც მათ აწუხებს. სააკაშვილის თქმით, მას პირადი პრობლემები არც პოროშენკოს და არც სხვა მთავრობის წევრების მიმართ არ გააჩნია, მაგრამ კონფლიქტი სისტემასთან აქვს. სააკაშვილის თქმით, ის კიევში უკრაინის ხელისუფლების წინაშე სწორედ ამ პრობლემებით წარდგება.
“არ გამაჩნია პირადი კონფლიქტი პრეზიდენტ პოროშენკოსთან. არ ვაფასებ პრემიერ გროისმანს და ის ჩემი დამსახურებით არის პრემიერი. იმიტომ, რომ სწორად მოვიქეცი, როდესაც მოხსნეს თანამდებობიდან იაცენუკი და შემდეგ ის დანიშნეს. ამ ადამიანებს დაავიწყდათ, რომ ჩემი დამსახურებით სხედან ამ სავარძლებში და ითხოვენ ჩემს დაპატიმრებას.
არანაირი კონფლიქტი გროისმანთან არ გამაჩნია, ასევე არ გამაჩნია კონფლიქტი ავაკოვთან, მაგრამ გამაჩნია კონფლიქტი ამ სისტემასთან. ამიტომ მოვაგროვებ ყველა ამ ფაქტს და ხალხთან ერთად მივალ და შევქმნი ხელისუფლების შეცვლის ლეგალურ მექანიზმს. გზაზე შეუძლიათ დამკითხონ, შეუძლიათ შემაფერხონ, მაგრამ არ მეშინია,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა. ერთი თვის წინ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.