“ევროპული საქართველოს” წევრი სერგი რატიანი, ვიცე-პრემიერის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას ეხმაურება და ამბობს, რომ 16 წლის ასაკში წარუმატებლობა არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვებს მაიმუნები ვუწოდოთ. რატიანის აზრით, ნორმალურ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრი მას პოსტიდან გაათავისუფლებდა.
“ამ დღეების განმავლობაში ალექსანდრე ჯეჯელავამ ეროვნული გამოცდების შეჯამებისას მაიმუნები უწოდა იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც მისაღები გამოცდები ვერ ჩააბარეს და ჩაიჭრნენ. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში და მეტ-ნაკლებად ნორმალურ მთავრობაში, პრემიერ-მინისტრი მოიხდიდა ბოდიშს და გაათავისუფლებდა განათლების მინისტრს.
სისტემა, სადაც ჩვენი შვილების განათლება დამოკიდებულია მშობლების შემოსავალზე, სოციალურ მდგომარეობაზე, ყველა კვლევით სწორედ ასეა, სისტემა საერთოდ არ არის. იმის ნაცვლად, რომ განათლების მინისტრი აგვარებდეს ამ სისტემაში არსებულ პრობლემებს, სახელმძღვანელოებზე ზრუნავდეს, სამი წლის დაგვიანებითაც არ არის ახალი სახელმძღვანელოები შემოსული, ამის ნაცვლად შეურაცხყოფას აყენებს ვიღაცას. 16 წლის ასაკში წარუმატებლობა არ ნიშნავს იმას, რომ მათ მაიმუნები ვუწოდოთ, ეს არის სრულიად გაუგონარი რამ მეტ-ნაკლებად ცივილიზებული ქვეყნისთვის”, – განაცხადა სერგო რატიანმა.
შეგახსენებთ, განათლების და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ მისი მიზანია, მაიმუნებმა ვერ ჩააბარონ ეროვნული გამოცდები.
“სამი წლის წინ, ეროვნული გამოცდების ბარიერი 21 ქულა იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ სამი მაიმუნი რომ შეგეშვა და უბრალოდ შემოეხაზათ, ერთი მაინც ჩააბარებდა. ჩვენ ბარიერი ავწიეთ და ახლა შვიდი მაიმუნიდან ერთი აბარებს. ჩვენი მიზანია, მაიმუნებმა ვერ ჩააბარონ ეროვნული გამოცდები”- განაცხადა ჯეჯელავამ.