საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მას უკრაინის საზღვარი არ გაურღვევია, ის ხელში აიტაცეს და საზღვარი ისე გადაატარეს. მისი თქმით, ეს უკრაინელმა ხალხმა გააკეთეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სააკაშვილი ლვოვში დღეს შუადღემდე დარჩება. „უნიანის“ ცნობით, დღის პირველ ნახევარში დაგეგმილია მისი პრესკონფერენცია მედიისთვის.
როგორც ლვოვის მერმა ანდრეი სადოვმა განაცხადა, ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მხარდამჭერებთან ერთად, კიევში გამგზავრებას გეგმავს.
შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა. ერთი თვის წინ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.