ახალი ამბები მთავარი სამართალი

მიტროპოლიტი: თეთრუაშვილმა მკითხავს რეკომენდაცია გაუწია მონაზვნად აღკვეცილიყო

“არ მაქვს საფუძველი ეჭვი შევიტანო სოსო ოხანაშვილში. ის სიცოცხლეს არასდროს დაიშურებს პატრიარქვისთვის. შეუძლებელია ეჭვი შევიტანო მის განცხადებაში”-ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

საუბარია იმ ჩანაწერზე, სადაც სასამართლოში დაკითხვისას პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი ამბობს, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს საპატრიარქოში მკითხავი მიჰყავდა ხოლმე და ასევე, მისი თქმით, თეთრუაშვილი არამართლმადიდებლურ ქმედებებს ეწეოდა:

„დავინახე, რომ შორენა მუხლებზე დგას მცენარეებთან და რაღაცას აკეთებს. მე დავუძახე მას, რა ხდება მეთქი, ხომ მშვიდობაა და ის ადგა, შემოტრიალდა და დამიძახა, რომ ჩამიშალეო. რა ჩაგიშალე, ვერ გავიგე-მეთქი და მერე ამოვიდა და მითხრა, რომ მე რაღაც ვიწვალებ ბევრს, ვიხსენებდიო… მე ვუთხარი, რომ წერია ეს სახარებაში, არ შეიძლება, არამართლმადიდებლურია მეთქი. ნუ, ახლა, ხო არ დავიწყებდი კამათს. ანუ ის ძალიან ხშირად ყვებოდა ხოლმე ეშმაკების დაჭერის ამბავს. თქვენც, ალბათ, გაგებული გაქვთ სხვა დაკითხული პიროვნებებისგან. მინდა მოგახსენოთ კიდევ, საპატრიარქოში მკითხავის მიყვანის შესახებ. ეს მოხდა ჩემი წამოსვლიდან ერთ კვირაში,“ – აცხადებს სოსო ოხანაშვილი.

მიტროპოლიტი პეტრე ცაავა კი ამბობს, რომ შორენა თეთრუაშვილმა მკითხავს რეკომენდაცია გაუწია მონაზვნად აღკვეცილიყო:

“ვიცი, რომ მან კურთხევა გასცა და რეკომენდაცია გაუწია მკითხავს, მონაზვნად აღკვეცილიყო. როცა ჩვენ ვნახულობთ მსგავსი ადამიანების პატრიარქთან შეხვედრის ამსახველ ფოტომასალას, სხვა რა არის ეს, თუ არა პატრიარქის და საპატრიარქოს დისკრედიტაცია? ”- აცხადებს მიტროპოლიტი.

პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვლის თქმითვე, შორენა თეთრუაშვილს გერმანიიდან პატრიარქის ნაღვლის საქართველოში წამოღება სურდა.

შეგახსენებთ, დეკანოზ გიორგი მამალაძეს 5 სექტემბერს, პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

იტვირთბა....