„რთულია, შეინარჩუნო სიმშვიდე მაშინ, როცა სახელმწიფო სისტემა გიპირისპირდება,“ – ასე მიმართა მამა გიორგი მამალაძემ ე.წ. ციანიდის საქმის განმხილველ მოსამართლეს თავის ბოლო სიტყვაში. ბრალდებულის მიერ, სასამართლოში წარმოთქმულ ბოლო სიტყვას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.
დეკანოზი გიორგი მამალაძე მოსამართლეს მიმართავს რომ სამართლიანი განაჩენის გამოცხადების იმედი არ აქვს, თუმცა, მოსამართლეს მოუწოდებს, ეცადოს, იყოს იმაზე სამართლიანი, ვიდრე პილატე იყო.
მამა გიორგი მამალაძე ასევე აღნიშნავს, რომ მისი ადვოკატების ახლობლებსაც კი ემუქრებოდნენ და სწორედ ამის გამოც უჭირს სიმშვიდის შენარჩუნება.
„პატივცემულო მოსამართლევ, როდესაც გავიგე, რომ ჩემი საქმის განხილვა დაგევალათ, შიშმა და უნდობლობამ შემიპყრო. უნდობლობა და უსამართლობის მოლოდინი რომ გამაჩნია, ვფიქრობ, თქვენთვის რთული გასაგები არ უნდა იყოს. სიმართლე გითხრათ, ვეცადე საკუთარი თავის დამშვიდება და დარწმუნება თქვენს მიერ განხილული საქმეების სტატისტიკის მოშველიებით.
თუმცა, დამეთანხმებით, რთულია შეინარჩუნო სიმშვიდე მაშინ, როცა სახელმწიფო სისტემა გიპირისპირდება და მაშინ, როდესაც უსამართლო განაჩენის შემთხვევაში, სამუდამო სასჯელიც კი მემუქრება. ძნელია, შეინარჩუნო სიმშვიდე მაშინ, როდესაც ჩემს გამო, ეპისკოპოსებსა და რიგით სასულიერო პირებზე ახორციელებენ ზეწოლას, რათა მათ ხმა არ ამოიღონ უსამართლობის წინააღმდეგ. უსამართლობისა, რომელიც პროკურატურამ, დამკვეთებთან ერთად, აღასრულა. რთულია, შეინარჩუნო სიმშვიდე, როდესაც ჩემი ადვოკატების ოჯახის წევრებზე და მეგობრებზეც კი ხორციელდება ზეწოლა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მხოლოდ ჩემი ადვოკატების ოჯახის წევრები და მეგობრები არიან.
თქვენ დღეს ბრძანდებით მსაჯული, რომელმაც, პილატეს მსგავსად, უნდა განსაზღვროთ უდანაშაულო ადამიანის ბედი. პილატემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის გამო, აგერ, უკვე ორი ათასი წელია, მისი სახელი უსამართლობასთან ასოცირდება. იმ დროს პილატეს წინაშე იდგა უცოდველი ადამიანი, დღეს კი თქვენს წინაშე ვდგავარ ცოდვილთა შორის უპირველესი, მაგრამ არა მკვლელი, არა მკვლელობის მომმზადებელი. წინასწარმეტყველი ზირაქი ამბობს, სიტყვაშია პატივი და უპატიობა, ენაა ადამიანის დამღუპველი.
სწორედ ამაშია ჩემი ბრალეულობა, სწორედ ამიტომ ორი ადამიანის კერძო საუბარს, რომელსაც პროვოკაცია ედო საფუძვლად და, რომელიც პროკურატურამ ბრალდებად გამოიყენა, თქვენ მაინც ნუ აქცევთ გამამტყუნებელი განაჩენის საფუძვლად. ნუ დააყენებთ კანონზე მაღლა ხელისუფალთ და ფარისეველთ. ნურც თქვენს თანამდებობას, რათა თქვენი სახელი ასოცირდებოდეს არა უსამართლო პილატესთან, არამედ სამართლიან თემიდასთან,“ – აღნიშნულია მამა გიორგი მამალაძის ბოლო სიტყვაში.
შეგახსენებთ, დეკანოზ გიორგი მამალაძეს 5 სექტემბერს, პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის, 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.