ევრობასკეტზე წარუმატებელი შედეგის გამო, საქართველოს ნაკრების ბერძენმა თავკაცმა ილიას ზუროსმა “ტვიტერზე” ბუნდოვანი პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მან შესაძლოა ნაკრები დატოვოს.
“ჩვენ ბევრი ვისწავლეთ ამ მოგზაურობით. ის იყო სავსე სიხარულით, ცრემლებითა და გუნდური სულით. ჩვენი მიზანი ჯერ მიღწეული არ არის. მე კი ყოველთვის დავრჩები საქართველოს ნაკრების ამაყ მხარდამჭერად”, – წერს ზუროსი სოციალურ ქსელში.
SPORTALL.GE-ს ინფორმაციით, ბერძნულმა მედიამ (sdna.gr, gazzetta.gr) ეს პოსტი ცალსახად ჩათვალა ზუროსის ეროვნულ ნაკრებთან გამომშვიდობებად. მათივე ცნობით, საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში ზუროსის გუნდიდან წასვლას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. აღსანიშნავია, რომ ეროვნული გუნდი ევრობასკეტის შემდეგ, მისმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ დატოვა.
შეგახსენებთ, ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ 2 გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფში ჩარჩა.