თამარაშვილის ქუჩაზე ხის უკანონო მოჭრასთან დაკავშირებით საქმის მასალები პოლიციაში გადაიგზავნება, – ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს. საქმე ეხება გუშინ, გვიან ღამით, თამარაშვილის ქუჩაზე მიმდინარე ხმაურს, – მოსახლეობის ინფორმაციით, ტერიტორიაზე ღამის 2 საათზე, ასწლოვანი ვერხვი მოჭრეს, ხმაურის შედეგად კი სხვა ხეების მოჭრა ვეღარ შეძლეს.
“თამარაშვილის ქუჩაზე ხის უკანონო მოჭრის ფაქტთან დაკავშირებით, თბილისის მერიას წუხელ, გვიან ღამით ეცნობა. შეტყობინებისთანავე, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები ადგილზე გავიდნენ და სიტუაციას დეტალურად გაეცნენ. თამარაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი წერეთელიც”, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათი თქმით, დათვალიერებისას გაირკვა, რომ კომპანია „დომუსი“-ს კუთვნილ ტერიტორიაზე მოჭრილია 1 ხე. მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნულ ნაკვეთზე არსებულ ხეებს აღენიშნება ძველი დაზიანებები, რასთან დაკავშირებითაც თავის დროზე, ასევე, ეცნობა პოლიციას.
“უკანონოდ მოჭრილი ვერხვის დიამეტრი 80 სმ.-ია, რაც ნიშნავს, რომ გარემოზე მიყენებული ზიანი 2000 ლარს ცდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის მასალები პოლიციაში გადაიგზავნება”- აცხადებენ მერიაში.
მერიის აღნიშნული განცხადება, გუშინ, გვიან ღამით ატეხილ ხმაურს მოჰყვა. მოსახლეობა ვერხვის მოჭრას აპროტესტებდა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ კიდევ 20-ზე მეტი ხის მოჭრა იგეგმება.
ადილზე მივიდნენ “პარტიზანი მებაღეები” და თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის შტაბის წარმომადგნელებიც.
ელისაშვილის პრესმდივანი ლაშა მესხი “მეტრონომთან” აცხადებს, რომ მათ შტაბში მოქალაქეების შეტყობინება ღამის 2 საათზე შევიდა. ისინი აცხადებდნენ, რომ თამარაშვილის ქუჩაზე ხის ჭრა მიმდინარეობდა:
“როცა ადგილზე გავედით, ვნახეთ, რომ მართლაც მოჭრილი იყო ასწლოვანი ვერხვის ნარგავი, საკმაოდ დიდი მოცულობის. როგორც მოსახლეობა ყვება, ხის ჭრა დაახლოებით ღამის 2 საათზე დაიწყო. როდესაც ადგილზე მოსახლეობა ჩავიდა და ერთი ამბავი ატყდა, მაშინ შეწყდა ეს პროცესი და ის ადამიანი, რომელიც ე.წ. “დრუჟბით” იყო, მიიმალა”- ამბობს “მეტრონომთან” მესხი.
მისი თქმით, ადგილზე არაერთი ნარგავია დაზიანებული. მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ისინი ბიზნესინტერესებს შეეწირნენ. მესხი ამბობს, რომ სპეციალურად, ღამის მონაკვეთი იყო შერჩეული და ამას ემატებოდა ქარიც:
“მე გავესაუბრე დაცვის წევრს. “ალგანის” დაცვის სამსახური იცავს ტერიტორიას. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, იქ მისული იყო ერთი ადამიანი და მას უთხრა, რომ იქაურობის მეპატრონე იყო, რის შემდეგაც დაიწყეს ხის ჭრა. ეს ინფორმაცია შევატყობინე “ალგანის” სათაო ოფისს. მოვიდნენ ჯგუფები და მოსახლეობის ჩარევისა და ხმაურის შემდეგ პროცესი შეჩერდა. თუმცა მოსახლეობა სხვა რამეს ყვება, ისინი აბობენ, რომ აღნიშნული დაცვის წევრი ფარნით უნათებდა ხის მჭრელებს ტერიტორიას, ხოლო მას შემდეგ რაც ხმაური ატყდა, ის აღნიშნულ პირებს გაქცევაში დაეხმარა”- აღნიშნა მესხმა “მეტრონომთან”.
ტერიტორია კომპანია “დომუსს” ეკუთვნის, რომლის წარმომადგენელიც ადგილზე არ მივიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე მაღალსართულიანი კორპუსი უნდა აშენდეს.
ნინო ცხადაია