განათლების სამინისტრო სკოლებში აზარტული თამაშების შეტანას გეგმავს. სამაგიდო სათამაშოებზე ტენდერი სამ ლოტად არის გამოცხადებული და ამ პროექტისთვის სამინისტრო 90 000 -მდე ლარს დახარჯავს.
თამაშების მიზანია პირველ-მეოთხე კლასებში ხელი შეუწყოს საგნობრივი უნარების განვითარებას. “თამაშების მეშვეობით ბავშვმა უნდა შეიძინოს სასარგებლო ინფორმაცია ბუნებისმეტყველების მიმართულებით” – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში. იქვე მითითებულია თამაშის ინსტრუქციაც: “თამაში იწყება ბარათების დარიგებით რომელსაც ყველა მონაწილე ხედავს გარდა ბარათის მფლობელისა. თამაშს იწყებს პირველი წყვილი, პარტნიორმა, ისევე როგორც ყველა დანარჩენმა, იცის (უნდა ახსოვდეს ერთი შეხედვით) რა შეხვდა მის პარტნიორს და ცდილობს წითელი კოჭები სწორად განათავსოს საინფორმაციო დაფაზე და ასე მიანიშნოს. მოთამაშე ფიქრობს, ამბობს პასუხს და აბრუნებს ბარათს. სწორად გამოცნობის შემთხვევაში გუნდი იმატებს 2(ორ) ფირფიტას”.
მეორე-მეექვსე კლასებში თამაში დამატებით მიზნად ისახავს ზოგიერთ მორფოლოგიურ საკითხში ვარჯიშს, თვლის უნარის განვითარებას, მონაცემების აღრიცხვასა და ანალიზს. თამაშის ინსტრუქცია: “თამაშის პრინციპი არის სიტყვების შედგენა კროსვორდისებურად. თამაშში მონაწილეობას იღებს 2-დან -4 მოთამაშემდე, რომელთა მიზანია მაქსიმალურად მაღალქულიანი სიტყვის შედგენა. ყველა ასოს აწერია ქულა, ხოლო დაფაზე არსებული პრემიალური უჯრების მიხედვით ხდება ქულების გაორმაგება ან გასამმაგება. იგებს ის, ვინც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს”.
რაც შეეხება, სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს, მათთვის სამინისტრო ისეთ აზარტულ თამაშს არჩევს, რომელიც ხელს შეუწყობს ზოგადი წიგნიერების და ლექსიკური მარაგის გამდიდრებას. უფროსკლასელთა თამაში დოკუმენტაციაში შემდეგი რედაქციით არის აღწერილი: “თამაში იწყება ბარათების დარიგებით, რომელზეც ანდაზა ან აფორიზმი იქნება მითითებული, მოსწავლეებს შეეძლებათ როგორც ლოტოს ასევე, ასოციაციობანას პრინციპით თამაში. თამაშის კომპლექტი უნდა შედგებოდეს აფორიზმების/ანდაზის/გამონათქვამის ბარათებისგან (არანაკლებ 30), კამათლისაგან, ლოტოსთვის სიტყვების პატარა ბარათების (არანაკლებ 152 ცალი) და მათთვის ტომარისგან და მოსანიშნი ფერადი ბარათებისთვის, თამაშის ინსტრუქციისგან”.
სკოლებში აზარტული თამაშების შეტანა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივაა. სამაგიდო თამაშების შეძენა პროექტის “ისწავლე მეტი თამაშით” ფარგლებში ხორციელდება.
თამაშების ტენდერი არაკონკურენტულ გარემოში მიმდინარეობს. თითო ლოტს მხოლოდ ერთი პრედენდენტი ყავს. მათ შორის ერთ-ერთი ქართული თამაშების კომპანია “თამაშობანაა”, რომლის პროდუქცია ადგილობრივ საცალო ბაზარზე 5-35 ლარის ფარგლებში იყიდება.
“ჩვენ გვქონდა ასეთი თამაში “აფორიზმობანა”, რომელიც არის აფორიზმების ლოტო. ის ძალიან კარგად ერგებოდა სკოლის პროგრამას. ფაქტიურად, ნახევრად მზა პროდუქტი გვქონდა. უბრალოდ, პატარა ცვლილებები შევიტანეთ. დავამატეთ თამაშ “ასოციაციობანას” პრინციპები და ამ სახით შევიტანეთ განაცხადი ტენდერში, თუმცა შედეგები ჯერ ცნობილი არ არის” – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს “თამაშობანას” დირექტორმა ნონა სონღულაშვილმა.
EDU.ARIS.GE