ახალი ამბები მთავარი სამართალი

აჭარაში ე.წ. ციმბირული წყლულით მამაკაცი გარდაიცვალა

აჭარაში ცხოველებისა და ადამიანის მწვავე ბაქტერიული დაავადება ჯილეხით, იგივე ციმბირული წყლულით, 58 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ TV25.ge ავრცელებს.

სოფელ ახალსოფლის გამგებლის თქმით, მამაკაცი ე.წ ციმბირული წყლულით საქონლისგან დაინფიცირდა. მას ჭრილობა ჰქონდა და ინფექცია დეკეულის დაკვლის დროს გადაედო. მამაკაცი შეუძლოდ სამი დღის შემდეგ გახდა. პირველადი დიაგნოზი ბათუმის ჰოსპიტალში დაუდგინეს.

გამგებლის თქმით დაკლული საქონელი საკვებად არ გამოუყენებიათ და ის სოფლიდან მოშორებით გადაყარეს, შემდეგ კი ხორცი სავარაუდოდ, უპატრონო ძაღლებმა შეჭამეს. სოფლის გამგებელი აცხადებს, რომ საქონლის მეპატრონეებმა შეცდომა დაუშვეს, რომ ხორცი არ დამარხეს, თუმცა ის ვეტერინარებზე დაყრდნობით ირწუნება რომ ჯილეხი ძაღლებზე არ ვრცელდება. მისი თქმით, ცხოველის სადგომიც და ადგილიც, სადაც ხორცი გადაყარეს, შესაბამისმა სამსახურებმა დაამუშავეს.

გარდაცვალების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო 116-ე მუხლისთ იძიებს, რომელიც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

ჯილეხი ანუ ციმბირის წყლული ცხოველებისა და ადამიანის მწვავე ბაქტერიული დაავადებაა. ადამიანის დაინფიცირება ხდება დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტის საშუალებით, ზოგჯერ კი ასეთი ცხოველების ხორცის საკვებად გამოყენების შემთხვევაში. დაავადების გადატანაში გარკვეული როლი მიუძღვით მექანიკურ გადამტანებს, კერძოდ, სისხლსმწოველ მწერებს.

ჯილეხით უფრო ხშირად მსხვილი რქოსანი საქონელი, ცხვრები, თხები, ცხენები, აქლემები და ღორები ავადდებიან. მთავარი ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობა ენიჭებათ მსხვილ რქოსან საქონელს და ცხვრებს. დაავადებული ცხოველები შარდისა და ფეკალიების საშუალებით გამოყოფენ ბაქტერიებს. ავადმყოფობა სწრაფად პროგრესირებს და 2-3 დღეში ან რამდენიმე საათშიც კი იწვევს ცხოველის სიკვდილს.

იტვირთბა....