ტურისტული სეზონის დასასრული, არჩევნები, კომერციული ბანკებისთვის გაცემული სახელმწიფო სესხი – რა იწვევს ლარის გაუფასურებას?
სულ რაღაც ორ კვირაში ლარი რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა. თუ ცოტა ხნის წინ ერთი დოლარის ღირებულება 1,39 იყო, დღეს კურსი ერთი ლარი და 49 თეთრია. ექსპერტების პროგნოზით კი, ლარის კურსის დაცემა გაგრძელდება.
რა იწვევს ლარის კურსის მერყეობას? მითუმეტეს, რომ ტურისტული სეზონი, შეიძლება ითქვას, ჯერ კიდევ არ დასრულებულა, შესაბამისად, უცხოური ვალუტის მიმოქცევა სახელმწიფოში, წესით, დეფიციტური არ უნდა იყოს.
როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე „მეტრონომთან“ განმარტავს, ლარის კურსის გაუფასურება სახელმწიფოს მიერ კომერციული ბანკებისთვის სესხების გაცემას უკავშირდება:
„კომერციული ბანკებისთვის სახელმწიფოს მიერ გაცემული სესხები, ვითომ ეკონომიკის წახალისების მიზნით, ქმნის ამ სიტუაციას. მთავრობა ახალ მავნებლობაში ჩაერთო. ბიუჯეტიდან ბანკებისთვის ფულის გასესხების მანია გაუჩნდა, ვითომ “ეკონომიკის სტიმულირებისათვის”. ლარის გაუფასურების ფონზე იმედი გვქონდა, რომ დღეს მაინც შეწყვეტდა ამ უმსგავსობას, მაგრამ 50 მილიონი ლარი ისევ გაასესხა. გაცემულმა სესხებმა უკვე 635 მილიონ ლარს მიაღწია. მხოლოდ ბოლო ორ თვეში, 500 მილიონი ლარი გასცა.
შესაბამისად, მთავრობამ ლარი შარშანდელ გზას გაუყენა.
კომერციული ბანკებისთვის სახელმწიფოს მიერ გასესხებული ფული არნახული მავნებლობაა.
ეროვნულმა ბანკმა მკვეთრად შეამცირა რეფინანსირების სესხები. სანაცვლოდ მთავრობამ ბანკები ბოლო ორ თვეში დააკრედიტა ნახევარი მილიარდი ლარით – სამთვიანი სესხი მისცა მათ. ასეთი რამ კი არასდროს მომხდარა.
უფრო ზუსტად რომ განვმარტოთ, სამთავრობო ხაზინამ აუქციონი გამოიგონა და როგორც ეროვნული ბანკი იძლევა რეფინანსირების სესხებს, ხაზინაც ზუსტად ასე გასცემს. დეპოზიტის აუქციონი დაარქვეს. სამ თვეს დებენ ფულს კომერციულ ბანკებში დეპოზიტად და იქიდან პროცენტს იღებენ, დაახლოებით 7 პროცენტს. ფაქტობრივად, მევახშეობას ეწევიან.
ეს უპრეცედენტო აბსურდია, რომელიც ვერავინ შეამჩნია, სანამ ლარს არ დაარტყა.
საქართველოს ახალ ისტორიაში ასეთი რამ არ მომხდარა. მთავრობა აქეთ სესხულობს ფულს ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად.
ამის შედეგი იქნება ლარის შემდგომი დაცემა და უმუშევრობა, ეკონომიკური დაბალი ზრდა, რაც ვნახეთ უკვე.
აბსოლუტურად ვერ ერკვევიან პრიორიტეტებში. დღეს მთავარი პრობლემა ლარი და ფასებია და ეკონომიკის სტიმულირების მთავარი მექანიზმი ლარის სტაბილიზაცია უნდა იყოს.
ახლა კი ბანკები უკვე აგროვებენ დოლარებს ცუდი მოლოდინების გამო, რადგან კარგს არაფერს ელიან.
ამ ყველაფერში ეროვნული ბანკიცაა დამნაშავე, რადგან კანონით იგი არის მთავრობის ბანკირი და მრჩეველი. უნდა ამბობდეს ხმამაღლა, რომ რასაც მთავრობა სჩადის, პირდაპირ ურტყამს ლარს და ფასებს.“ – განაცხადა გოცირიძემ „მეტრონომთან“.
„ბანკები და ფინანსების“ რედაქტორი, ზურა კუკულაძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ ლარის გაუფასურება ბუნებრივი პროცესია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში საშემოდგომოდ იწყება და ეს ყველაფერი ტურისტული სეზონის დასრულებას, შესაბამისად, სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის მიმოქცევის დეფიციტს უკავშირდება:
„ლარის კურსის პროგნოზი ძალიან რთულია, გამომდინარე იქიდან, რომ ამ პროცესზე ობიექტური და სუბიექტური მიზეზები მოქმედებს. ვინაიდან შემოდგომის სეზონზე, ბოლო წლების განმავლობაში, ეროვნული ვალუტა მუდმივად უფასურდება, თუ ეროვნული ბანკი არ ჩაერევა პროცესში, მცირედით გაუფასურებას ამ პერიოდში კვლავ ველი. შემდეგ კი დაიწყება ის ფაზა, როცა იმპორტი გაიაფდება, რადგან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის სიჭარბე გამოიხატება ბაზარზე.
ლარის გაუფასურების მიზეზებში უფრო ტურისტული სეზონის დასრულებაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ყველაფერი კი ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რადგან პროცესი მთლიანად ეროვნული ბანკის მიერ არის კონტროლირებადი.“ – განაცხადა კუკულაძემ „მეტრონომთან“.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ მხოლოდ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გააკეთა, რომელმაც განმარტა, რომ „საგანგაშო არაფერი არ ხდება“.
მიუხედავად ამისა, ეკონომისტების მოლოდინი პესიმისტურია და ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურებასა და შემდგომ, ფასების გაზრდის პროგნოზს გულისხმობს…
მანა ნოდია